შეიძლებოდა თუ არა დანიდან ბიოლოგიური მასალის წაშლა - კომისიამ ექსპერტი გამოკითხა

პარლამენტი

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ სამედიცინო ექსპერტი გამოკითხა. 

ნინო კვიწინაძეს კითხვები დანასთან დაკავშირებით დაუსვეს, რომელიც საქმეში ფიგურირებს და რომელიც გამოძიებამ ამოიღო. 

მკვლელობის დღეს, 2017 წლის 1-ლ დეკემბერს შემთხვევის ადგილიდან გამოძიებამ ერთი დანა ამოიღო, მოგვიანებით იპოვეს მეორეც. უწყების ვერსიით, ერთ-ერთი დანა ბრალდებულ გ.ბ-ს ეკუთვნოდა და "უტყუარად დადგენილია, რომ ამ დანით ბრალდებულმა გ.ბ-მ ორივე მოკლულს, ლევან დადუნაშვილს და დავით სარალიძეს რამდენჯერმე მიაყენა ჭრილობა". 

თუმცა, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, აღნიშნულ დანაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის და ბრალდებული გ.ბ-ის ბიოლოგიური მასალა აღმოჩნდა, ასევე მოკლული დავით სარალიძის კი - არა. 

დეპუტატებმა ექსპერტ ნინო კვიწინაძეს ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა, რომ რამე მიზეზით ბიოლოგიური მასალის კვალი მეტალის საგანზე არსებობდეს და ჩამოირეცხოს ან არ გამოჩნდეს. 

სერგი კაპანაძე: პროკურატურის ვერსიით, იმ დანით დათო სარალიძეს მიაყენეს მინიმუმ 7 ჭრილობა, ანუ სარალიძის მიმართ ეს დანა ბევრჯერ მოქმედებდა, ლევან დადუნაშვილის შემთხვევაში კი ეს დანა მოქმედებდა ორჯერ. როდესაც ერთთან მიმართებაში დანა გამოიყენება 7-ჯერ, მეორესთან მიმართებაში კი 2-ჯერ, ეს გულისხმობს ბიოლოგიური მასალის გადმოსვლის ინტენსივობასაც. თქვენი დასკვნით, ამ დანაზე არის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის ბიოლოგიური მასალა და არა დავით სარალიძის. ანუ, თქვენი დასკვნით, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეს დანა არ იქნა გამოყენებული დათო სარალიძეზე, ასეა? 

ოთო კახიძე: საქმის მასალებიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს დანა ერთ-ერთ ეზოში ახლა უკვე მსჯავრდებულმა გ.ბ-მ გარეცხა. თუ დანა გარეცხილია, როგორ დარჩა ლაქები, რომელიც ეკუთვნოდა დადუანშვილს და როგორ დარჩა შერეული პროფილის კვალი, რომელშიც მასალის მეტი წილი [მაჟორული] ეკუთვნოდა გ.ბ-ს, ხოლო ნაკლები წილი [მინორული], ეკუთვნოდა დადუნაშვილს

მიუხედავად იმისა, რომ გ.ბ-მ დანა გარეცხა, შეიძლება თუ არა, რომ ეს კვალი წაიშალოს მეტალის საგნიდან ონკანზე გარეცხვის შედეგად? 

ნინო კვიწინაძე: თუ სრულად გაირეცხა გამდინარე წყლის ჭავლით, ეს თეორიულად შესაძლებელია. თუ უჯრედებიც ჩამოშორდა ამ მეტალს, შესაძლებელია იქ აღარ დარჩეს კვალი, ძლიერი ჭავლის შემთხვევაში. თუმცა, შეიძლება არასრულად იყოს ჩამორეცხილი. 

ხათუნა გოგორიშვილი: როდესაც ბიოლოგიური პროფილი ან სისხლი არის ორი ადამიანის, შესაძლებელია თუ არა, რომ ერთი მათგანის ჩამოირეცხოს და მეორე დარჩეს? 

ნინო კვიწინაძე: როგორც ბიოლოგიური მასალა თანაბრად ვერ განაწილდება საკვლევ ობიექტზე, ასევე ვერც თანაბრად ჩამოირეცხება. წყალი ვერ ამოარჩევს, რომ ამ ტიპის დნმ წაშალოს და მეორე - დატოვოს. თუ შერჩენილია ან შენარჩუნებულია ან ბიოლოგიური პროფილი ან სისხლიდან ბირთვული უჯრედები, ნიშნავს, რომ სრულად არ იყო ჩამორეცხილი. 

მამუკა მდინარაძე: თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ საკვლევ ობიექტზე ერთი ადამიანის კვალი ჩანს და მეორე არ ჩანს, არ ნიშნავს, რომ მეორე ადამიანის სისხლის კვალი არ იყოს. იმიტომ რომ მაჟორული კვალი იყოს იმდენი, მინორული გადაფაროს. ანუ სისხლის კვალი იყოს, მაგრამ თქვენ ვერ აღმოაჩინოთ. ასეა? 

ნინო კვიწინაძე: კი ბატონო. 

მამუკა მდინარაძე: როდესაც ერთი დანა იმოქმედებს ერთ ადამიანზე და მერე მეორე ადამიანზე, სისხლი მეორე ადამიანის თავისუფლად შეიძლება იმდენად ჭარბობდეს პირველი ადამიანის სისხლს, რომ თქვენ იდენტიფიცირება ვერ მოახდინოთ. 

ნინო კვიწინაძე: შესაძლებელია, თუმცა დადგენა, რატომ ვერ აღმოვაჩინეთ - იმიტომ, რომ არ იყო თუ იმიტომ, რომ მცირე იყო და არ გამოჩნდა, შეუძლებელია. 

მამუკა მდინარაძე: თქვენ ამაზე ზუსტი პასუხი რომ გასცეთ, უნდა იცოდეთ, მეორე ადამიანის სისხლი იყო თუ არა. მერე იტყვით, რომ იყო, მაგრამ გადაფარა რაოდენობის გამო. მაგრამ როცა არ იცით, ვერც უარყოფთ, ვერც გამორიცხავთ და ვერც დაადასტურებთ. ამიტომ გეუბნებით ჩემს ვერსიას, თეორიულ დაშვებას - შეიძლება დანაზე იყოს პირველი ადამიანის სისხლი, მაგრამ იმდენად გადაფაროს მეორე ადამიანის სისხლის რაოდენობა, რომ არ გამოჩნდეს. 

ნინო კვიწინაძე: დიახ. 

მამუკა მდინარაძე; ზუსტ პასუხის ვერ იძლევით იმაზე, გარეცხვის შედეგად შესაძლებელია თუ არა დარჩეს ბიოლოგიური პროფილი. ანუ. შეიძლება თუ არა, რომ ადამიანის ბიოლოგიური პროფილი სრულად თუ არ წაიშალოს. 

ნინო კვიეინაძე: თეორიულად შესაძლებელია, რომ წაიშალოს, შეიძლება არ წაიშალოს. პრაქტიკიდან - ამორეცხილ ლაქებში ზოგჯერ მიგვიღია გენეტიკური პროფილი, ზოგჯერ ვერ მიგვიღია. თუმცა, ესეც ისეთი თემაა, ჩვენ ხომ არ ვიცით, იყო თუ არა ამორეცხილი
 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დეტალები
 

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებმა 1 დეკემბერს იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე, ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე. 

მკვლელობის ბრალდებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, მეორე სამართალდამცავებს 4 დეკემბერს ჩაბარდა. 

31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და დაადგინა, რომ ბრალდებულები გ.ბ და გ.ჯ გამტყუნდნენ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეში, ხოლო დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გ.ბ გამართლდა, გ.ფ-ს კი ბრალი გადაუკვალიფიცირდა და დამნაშავედ ცნო არა სარალიძის მკვლელობაში, არამედ მკვლელობის მცდელობაში.

შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დადგინდა, რომ პროკურატურას დავით სარალიძის მკვლელის შესახებ მტკიცებულებები არ წარუდგენია, შესაბამისად, ის დაკავებული და დასჯილი არ არის.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ ზაზა სარალიძემ საპროტესტო აქციები დაიწყო. გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, პარლამენტში კი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომლის უმრავლესობასაც ევროპული საქართველო წარმოადგენს. 

კომისიამ უკვე გამოკითხა საქმის პროკურორი და შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე წარმომადგენელი, ასევე დაღუპულების, დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მშობლები, სკოლების დირექტორები და ორი თვითმხილველი მოზარდი. ასევე მოწმეები და სამედიცინო ექსპერტი. 

დაგეგმილია მაღალი თანამდებობის მოქმედი და ყოფილი პირების გამოკითხვაც, მათ შორის იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასი და ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის. 

კომენტარები