აჭარის მთავრობა

ზურაბ პატარაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

http://www.postalioni.com/

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. 

პატარაძემ ბრიფინგზე, მისი მმართველობის 2 წლიანი პერიოდი შეაჯამა და ქართუ ფონდს და ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.

"მე ვიყავი, ვარ და ვიქნები "ქართული ოცნების" გუნდის წევრი და ძალიან ბევრს გავაკეთებ მომავალში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ",-თქვა მან.

"ბათუმელების" ინფორმაციით, გადადგომის გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ზურაბ პატარაძისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის არაოფიციალური შეხვედრა ბათუმში. გამოცემა წერს, რომ კობახიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ერთ-ერთ სასტუმროში გუშინ შეხვდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, პატარიძის შემცვლელად 4 ადამიანი განიხილება: ენერგეტიკის ფონდის ხელმძღვანელი - თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე,  აჭარის ჯანდაცვის მინისტრი- ზაალ მიქელაძე,  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - ბადრი ნაკაშიძე. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ნაკაშიძეს ასლან აბაშიძის მმართველობის დროს მუშაობდა პროკურატურაში და იყო უზენაესი საბჭოს წევრი, ასევე, ბოლო 17 წლის მანძილზე ცხოვრობდა რუსეთში და აქვს ორმაგი მოქალაქეობა - საქართველოს და რუსეთის.

ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს 2016 წლიდან იკავებს, მას შემდეგ, რაც არჩილ ხაბაძე გადადგა. ის საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრად განიხილება.

კანონმდებლობის მიხედვით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ცვლილებასთან ერთად, უფლებამოსილება უწყდება მთავრობის მთელ შემადგენლობას. მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

კომენტარები