სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

პროკურორი - დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები გ.ბ.-მ მიაყენა

დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები გ.ბ.-მ მიაყენა- ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსმა, ზვიად ფხაკაძემ განაცხადა.

ფხაკაძემ იმ ვერსიაზე ისაუბრა, რომელიც გამოძიებამ სასამართლოს წარუდგინა.

ზვიად ფხაკაძის განცხადებით, გამოძიების ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე დაპირისპირება, სამ ლოკაციაზე მიმდინარეობდა.

მისი თქმით, დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები გ.ბ.-მ მიაყენა, როდესაც ის გ.ჯ.-ს ეჩხუბებოდა.

„გ.ჯ დავით სარალიძეს ჰყავს დაჭერილი მარჯვენა მხრიდან, მუცელზე ჰყავს მიკრული. რა დროსაც მას მარჯვენა მხრიდან მარჯვენა ხელით აყენებს ჭრილობებს გ.ბ. იმ ჭრილობაზეა საუბარი, რომელიც იდენტიფიცირებულია. ეს არის მარჯვენა დუნდულის არეში და ბარძაყის არეში, ოდნავ დაბლა. ეს არის 12-14 ნუმერაცია სქემის მიხედვით. ასევე მარჯვენა მხარეს, ღვიძლის არეში არის დაზიანება. ეს არის #1 დაზიანება სქემის მიხედვით. ეს არის გულმკერდის ღრუში შემავალი მძიმე ხარისხის სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება. ასევე შემდეგ იცვლის პოზას. დინამიურად ვითარდება და ამ დროს გ.ჯ უჭირავს წინ მოხრილ მდგომარეობაში და ამ მდგომარეობაში როდესაც ბარძაყის არეში ხდება დაზიანებების მიყენება ბარძაყის წინა არეში ჭრილობების მიყენება. ეს არის სავალალო ჭრილობა. მოხდა არტერიის სრულად გადაჭრა და ვენის ნაწილობრივ დაზიანება, რომელიც გ.ბ-მ მიაყენა. ამ ჭრილობის შედეგად, იმ დონემდე არის ეს დაზიანება და იმდენად საშიშია სიცოცხ;ისთვის და ჯანმრთელობისთვის, რომ რამდენიმე წამში ადამიანის რეფლექსები დუნდება. სისხლისგან დაცლა არ ხდება , მაგრამ ექსპერტიზის და ექიმის განმარტებითაც მაქსიმალურად 5 წუთი არის ამ დაზიანების მქონე პირისთვის საკმარისი რომ დაიცალოს სისხლისგან, რომლის აღდგენაც შემდგომში შეუძლებელია. ეს ხდება წამიერად. შემდეგ დათო სარალიძე იცვლის პოზას მაგრამ ეს არ არის დიდი ადგილი. სარალიძე გ.ჯს ხელს არ უშვებს, ისევ ერთად არიან. უნდა აღინიშნოს რომ ძლიერი ბიჭი იყო ნამდვილად. ამ დროს შემობრუნებულ გ.ბ კიდევ აყენებს დაზიანებას. ეს არის #2 გულმკერდის არეში, უკვე მარცხენა მხარეს. დათო არის პირისახით ფარდულისკენ, გ.ჯ ისევ უჭირავს ხელში და ამ დროს გ.ბ კიდევ არტყამს ერთს და ამ დროს მოდის აქ მ.კ.“,- აღნიშნა მან.

ფხაკაძის თქმით, გ.ჯ. დავით სარალიძეს ორ ჭრილობას აყენებს, თუმცა არცერთი სასიკვდილო არ აღმოჩნდა.

„პარალელურად, გ.ჯ.-ს უკვე მარჯვენა ხელში უჭირავს დანა. ახლა უკვე ფიქსირდება. შეიძლება მანამდეც ეჭირა მაგრამ ვერ ხედავს ამას ვერავინ. გ.ჯ ქვევიდან ზემოთ იქნევს ხელს დათოს მიმართულებით, მარცხენა იღლიის არეში აყენებს ჭრილობას. ეს ჭრილობები არის #3 და #4 . ეს არის გულმკერდის არეში შემავალი სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება“,- განაცხადა ფხაკაძემ.

ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დღეს, 10:00-ზე განახლდა. კომისიის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს კახა სირაძეს და საქმის პროკურორს ზვიად ფხაკაძეს უსმენენ.

ხვალ, 26 ივნისს კი, დღის პირველ ნახევარში კომისიის წევრები არასრულწლოვანთა დაკითხვის მეთოდოლოგიას გაეცნობიან, რის შემდეგაც, დრო კვლავ გამოსაკითხ პირებთან შეხვედრას დაეთმობა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის 22 ივნისის სხდომაზე უკვე გამოკითხეს დაღუპული მოზარდების ოჯახის წევრები - დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და ლევან დადუნაშვილის დედა ნათია საყვარელიძე. ასევე, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ გამოსაკითხ პირებთან შეხვედრისთვის კომისიის წევრებისგან ორი ჯგუფი დაკომპლექტდა. ისინი დროებით პატიმრობაში მყოფ პირებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გამოკითხავენ.

კომენტარები