კონსულტაციები მთავარი პროკურორის შესარჩევად

იუსტიცია: მთავარი პროკურორის შესარჩევად თავისუფალი უნივერსიტეტი და GIPA მოწვეულია

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მთავარი პროკურორის კანდიდატურების შესარჩევ კონსულტაციებში მონაწილეობისთვის თავისუფალ უნივერსიტეტსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) მოწვევა გაეგზავნა.

უწყების პრესსამსახურმა ტაბულას მიაწოდა წერილები, რომელიც არის თავისუფალი უნივერსიტეტისა და GIPA-ს რექტორების სახელზე. ვატო ლეჟავასადმი წერილი 4 ივნისითაა დათარიღებული, ხოლო მაკა იოსელიანისადმი 5 ივნისით.

პრესსამსახურში განმარტავენ, რომ აღნიშნული წერილები ფოსტით გაიგზავნა.

მათივე თქმით, მთავარი პროკურორის შესარჩევი კონსულტაციები ერთთვიანია და მოწვევების გაგზავნა ამ დრომდე გრძელდება.

ტაბულა დაუკავშირდა როგორც თავისუფალ უნივერსიტეტს, ასევე GIPA-ს. არც ერთ დაწესებულებაში წერილი ამ დრომდე არ მიუღიათ.

საქართველოს ფოსტაში განმარტავენ, რომ თბილისის მისამართებზე წერილის მისვლას მაქსიმუმ სამი სამუშაო დღე სჭირდება, თუმცა შესაძლებელია დაჩქარებული სერვისით სარგებლობაც.

იუსტიციის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა იმ უნივერსიტეტების ჩამონათვალი, ვინც მთავარი პროკურორის შესარჩევ კონკურსში მიიწვია. მათ შორის იყო კონსერვატორია და სამხატვრო აკადემია, თუმცა არ იყო თავისუფალი უნივერსიტეტი და GIPA. სიის დასასრულს მითითებული იყო ისიც, რომ წერილები სხვებსაც გაეგზავნათ, თუმცა არ იყო დაზუსტებული, კონკრეტულად ვის.

დღეს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA) გაავრცელა განცხადებაც, სადაც აღნიშნულია - "ის ფაქტი, რომ GIPA არ არის იმ 18 საგანამანათლებლო დაწესებულებას შორის, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ კონსულტაციებში ჩართვის შესახებ შეთავაზებით მიმართა - ეჭვქვეშ აყენებს მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის გამჭირვალობასა და მისი ეფექტურად წარმართვის შესაძლებლობას".

კომენტარები