სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

სარალიძემ ვაკის პარკი დატოვა - "ვერც აქ და ვეღარც იქ ვეღარ დავინახე ხალხის ერთობა"

ტაბულა

​ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ ვაკის პარკი დატოვა, სადაც აქცია სახელწოდებით "სოლიდარობა პოლიტიკის გარეშე" მიმდინარეობს.

"აქციას არ ვტოვებ, სახლში მივდივარ. თუ აქაც დავინახავ მარტო ხალხს, მოვალ", - თქვა მან.

ზაზა სარალიძემ ასევე აღნიშნა, რომ რუსთაველის გამზირზე აპირებს მისვლას.

სარალიძემ ვაკის პარკი სახალხო დამცველ, ნინო ლომჯარიასთან ერთად დატოვა, რომელსაც აქციის მონაწილეებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ვაკის პარკის დატოვება ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამამ.

აქციის მონაწილეები ცდილობდნენ, სარალიძე არ წასულიყო - უთხრეს, რომ არ უნდა წავიდეს და "ძალიან დიდ შეცდომას უშვებს".

სახალხო დამცველის თქმით, მას ის ზაზა სარალიძეს საქმის სამართლებრივ მხარეზე ელაპარაკებოდა და აქციასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.

"ამ ადამიანს იყენებს ყველა, მას სჭირდება დახმარება და იმიტომ ვარ აქ. რითი შემიძლია დავეხმარო, ამაზე გვქონდა საუბარი", - თქვა ნინო ლომჯარიამ.

ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებამდე ზაზა სარალიძემ ისიც თქვა, რომ ბრძოლის ველზე მარტო რჩება.

"ჩემი გადაწყვეტილება მე ვიცი, აღარ მჭირდება არანაირი ხალხი, ვსო. მარტო ვრჩები ამ ბრძოლის ველზე. მე ვერც აქ და ვეღარც იქ ვეღარ დავინახე ხალხის ერთობა", - განაცხადა მან.

უცნობია, დაბრუნდება თუ არა ზაზა სარალიძე რომელიმე აქციაზე.

ვაკის პარკში აქცია "სოლიდარობა პოლიტიკის გარეშე" 16:00 საათზე დაიწყო, სადაც ზაზა სარალიძეც მივიდა. მან განაცხადა, რომ ყოველთვის იქ იქნება, სადაც მისი შვილის მეგობრები იქნებიან.

ამავე აქციაზე იმყოფებიან ბუტა რობაქიძის მშობლები, სოსო რობაქიძე და ია მეტრეველი. მათ ზაზა სარალიძეს მოუწოდეს გაემიჯნოს ნაციონალურ მოძრაობას. სარალიძის პასუხი ამაზე იყო, რომ თვითონ სთხოვა დახმარება პოლიტიკურ პარტიებს და ყველა მოქალაქის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მიუხედვად პოლიტიკური კუთვნილებისა.

ჟურნალისტებმა ზაზა სარალიძეს ჰკითხეს, მიაჩნია თუ არა, რომ კონკრეტული პარტიები აქციას პოლიტიკური ქულებისთვის იყენებენ. ამაზე სარალიძემ უპასუხა:

"ჯერ-ჯერობით ვერაფერს გეტყვით, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ჩემი შვილის მეგობრები სადაც იქნებიან, იქ ვიქნები მე ყოველთვის. ნუ მიხსენებთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, მე მოვუხმობ ყველა პარტიაში გაწევრიანებულ ადამიანებს და საქართველოს ყველა მოქალაქეს. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ეს პოლიტიკოსი იქნება თუ ჩემნაირი გლეხი. ვინც ჩემი შვილის სადარაჯოზე, მისი მეგობრების და ქართველი ბავშვების სადარაჯოზე იდგება, იმათ გვერდით ვიქნები ყოვეთვის", - თქვა ზაზა სარალიძემ და აღნიშნა, რომ ყველა ადამიანს შორის გულისხმობს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებსაც და პროკურატურის თანამშრომლებსაც, თუ ისინი მისი მხარდამჭერები არიან.

ხორავაზე მოკლული დავით სარალიძის მამას ენმ-სგან გამიჯნვისკენ მოუწოდა "ქართული ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა, დავით ლორთქიფანიძემაც, რომელიც ასევე აქციაზე იმყოფება.

აქციის დროს ვაკის პარკში იმყოფებოდა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც, რომელმაც ზაზა სარალიძესთან შეხვედრა გამართა.

აღსანიშნავია, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პოლიტიკურ პარტიებს გუშინ თავად მოუწოდა გააერთიანონ თავიანთი ძალები, რათა "სისტემა ერთხელ და სამუდამოდ ჩამოიშალოს". მან ასევე აღნიშნა, რომ ამ საქმეში პოლიტიკის ჩართვის სურვილი არ ჰქონდა, თუმცა ხელისუფლებამ აიძულა.

"ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა ელიტის წარმომადგენელს, ყველა სრულუფლებიან მოქალაქეს, ყველა გლეხ ადამიანს, ყველა ჩემსავით პატარა კაცს მოვუხმობ, დამიდექით გვერდით არამარტო მე, არამედ ყველა შვილმოკლულ მშობელს", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძეს, ზვიად კუპრავას, მალხაზ მაჩლიკაშვილსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა გუშინ გვიან ღამით შედგა. ისინი დღეს, 18:00 საათზე ხელახლა შეკრებას გეგმავენ, სადაც, მათი თქმით, სამოქმედო გეგმას წარადგენენ.

ამავდროულად, დღეს 18:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქცია "ნუ მომკლავ" განახლდება.

კომენტარები