სირია - ჩრდილოეთ კორეა

ფხენიანი: ბაშარ ალ-ასადი ჩრდილოეთ კორეას ეწვევა და კიმ ჩენ ინს შეხვდება

ბაშარ ალ-ასადი
AFP

ფხენიანის სახელმწიფო მედიის მიხედვით სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი ჩრდილოეთ კორეას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა და კიმ ჩენ ინს შეხვდება. ჯერ-ჯერობით უცნობია როდის შედგება ვიზიტი.

"მსოფლიო მიესალმება კორეის ნახევარკუნძულზე მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებს და კიმ ჩენ ინის ბრძნულ ლიდერობას. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო გამარჯვებას მივაღწევთ და კორეის გაერთიანება მოხდება." თქვა ასადმა ჩრდილოეთ კორეული მედიის მიხედვით.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში გამოქვეყნებული გაეროს ანგარიშის მიხედვით ჩრდილოეთ კორეა სირიას ინსტრუმენტებს აწვდის, რომელიც ქიმიური იარაღის დასამზადებლად შეიძლება გამოიყენონ.

ანგარიშში ნახსენებია აქამდე უცნობი 40 გზავნილის შესახებ 2012 წლიდან 2017 წლის შუალედში. მასალები მოიცავს მჟავა-გამძლე სარქველებს და მილებს. სირიის მთავრობის სამეცნიერო კვლევების სააგენტომ სანაცვლოდ ჩრდილოეთ კორეას სხვადასხვა კომპანიების მეშვეობით გადაუხადა.

ანგარიში ჩრდილოეთ კორეის მიერ გაეროს რეზოლუციის შესრულების საკითხზე შექმნილმა გაეროს ექსპერტების ჯგუფმა შეადგინა და ის სირიის რეჟიმის ძალების მიერ ქლორის გაზის გამოყენების ახალ ბრალდებებს მოჰყვა, რასაც ასადის რეჟიმი უარყოფს.

გაეროს 2017 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ სირიასა და ჩრდილოეთ კორეას შორის აკრძალული ქიმიური, ბალისტიკური რაკეტების და სხვა იარაღის თაობაზე თანამშრომლობას იძიებენ.

კომენტარები