სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

რესპუბლიკელები: აქციების ფსევდორევოლუციურ სცენარში გადაყვანა მიუღებელია

რესპუბლიკური პარტიის განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელია ბოლო დღეებში მიმდინარე საპროტესტო აქციების "ხელოვნურად გადაყვანა ფსევდორევოლუციურ სცენარში".

პარტია მიიჩნევს, რომ "ფსევდოერთიანობისკენ მოწოდება" ხელს შეუშლის საზოგადოების კონსოლიდაციას და ამით საბოლოო ჯამში მხოლოდ ხელისუფლება ისარგებლებს.

"გუშინ ღამით განვითარებულმა მოვლენებმა ბიძგი მისცა ამ სამართლიანი პროტესტის ხელოვნურად გადაყვანას ორმხრივ, რეალურად ორპარტიულ დაპირისპირებაში. ეს ის სცენარია, ყველაზე მეტად რომ აწყობს ქართულ ოცნებას, და ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ნაციონალური მოძრაობისგან, მიხეილ სააკაშვილისგან, მტრის ხატის შექმნით აქამდე არაერთხელ გასულა ფონს. გუშინდელი მოვლენების ორგანიზატორი კი სწორედ ნაციონალური მოძრაობაა, რომელიც არსებულ ვითარებას არაადეკვატურად აფასებს და ვერ აცნობიერებს, რომ მოძალადე სისტემის წინააღმდეგ ბრძოლის მიზანი არ არის ამჟამინდელი ხელისუფლების წინა ხელისუფლებით ჩანაცვლება. აქედან გამომდინარე, შემოთავაზებული სცენარი და ფსევდოერთიანობისკენ მოწოდება ხელს კი არ შეუწყობს, არამედ პირიქით, შეუშლის საზოგადოების კონსოლიდაციას და ამით საბოლოო ჯამში ისარგებლებს მხოლოდ ხელისუფლება.

რესპუბლიკურ პარტიას ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია საზოგადოებასთან ერთად პოლიტიკური პარტიების აქტიურობა მიმდინარე პროცესებში, საზოგადოების კონსოლიდაცია და კონკრეტული შედეგების მიღწევა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს საზოგადოებაში არსებული რეალური მოთხოვნების გათვალისწინებით", - აცხადებენ პარტიაში.

რესპუბლიკელები ასევე აღნიშნავენ, რომ მოზარდების მკვლელობის საქმის საფუძვლიან გამოძიებას და დამნაშავეებისა და მათი მფარველების დაუყონებლივ დასჯას პირველი დღიდან მხარს უჭერენ და კვლავ დაუჭერენ. მათი თქმით, ყოველთვის იდგებიან იმ ადამიანის გვერდით, რომელსაც სახელმწიფო ჩაგრავს.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ გუშინ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა გააერთიანონ თავიანთი ძალები, რათა "სისტემა ერთხელ და სამუდამოდ ჩამოიშალოს". მან ასევე აღნიშნა, რომ ამ საქმეში პოლიტიკის ჩართვის სურვილი არ ჰქონდა, თუმცა ხელისუფლებამ აიძულა.

"ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა ელიტის წარმომადგენელს, ყველა სრულუფლებიან მოქალაქეს, ყველა გლეხ ადამიანს, ყველა ჩემსავით პატარა კაცს მოვუხმობ, დამიდექით გვერდით არამარტო მე, არამედ ყველა შვილმოკლულ მშობელს", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძეს, ზვიად კუპრავას, მალხაზ მაჩლიკაშვილსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა გუშინ გვიან ღამით შედგა. ისინი დღეს, 18:00 საათზე ხელახლა შეკრებას გეგმავენ, სადაც, მათი თქმით, სამოქმედო გეგმას წარადგენენ.

ამავდროულად, დღეს 18:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქცია "ნუ მომკლავ" განახლდება.

კომენტარები