შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, ინტენსიური მუშაობის შედეგად, თბილისში, სამეგრელოში, გურიაში, კახეთსა და შიდა ქართლში ქურდობის 16 ფაქტი გახსნეს, 13 პირი დააკავეს, 16 კი ამხილეს.
უწყება რამდენიმე საქმის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
შსს-ში ამბობენ, რომ ქურდობის ბრალდებით 1986 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ორჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.გ. დააკავეს თბილისში.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 3 მაისს თბილისში, გლდანის მე-3 მიკრორაიონში 2 ბინა გაქურდა და მიიმალა. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - აცხადებენ უწყებაში.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, ასევე ქურდობის ბრალდებით დააკავეს 1996 წელს დაბადებული ლ.კ., ხოლო 1995 წელს დაბადებული, ამჟამად მიმალვაში მყოფი ლ.ბ. ამხილეს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა დედოფლისწყაროში, 9 ძმის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეების კუთვნილ საცხოვრებელ სახლებში წინასწარი შეთანხმებით, არაერთგზის, უკანონოდ შეაღწიეს, სადაც ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა სახის საოჯახო ნივთებსა და სამკაულებს. ბრალდებულებმა ნაქურდალი ნივთების ერთი ნაწილი გადამალეს, დანარჩენი ნივთები კი მეტროსადგურ "ისნის" მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ლომბარდში ჩააბარეს, ასევე, თბილისში, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროსადგურ "ვაგზლის მოედნის" ახლოს მდებარე ე.წ. "ოქროს ბირჟაზე" და ქალაქ ყვარელში გაყიდეს", - აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა რეალიზებული და გადამალული ნაქურდალი ნივთების დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე, კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდება.





