სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

შსს-მ მიხეილ ხიდაშელი გამოკითხა, დეტალები უცნობია

პირველი არხი

მას შემდეგ, რაც გუშინდელ აქციაზე ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ზვიად კუპრავამ განაცხადა, რომ იგეგმება პროვოკაციები და ამის შესახებ ინფორმაცია პირადად მიაწოდეს, შინაგან საქმეთა სამინისტომ გამოკითხვაზე ის პირი დაიბარა, ვინც კუპრავამ დაასახელა.

მიხეილ ხიდაშელის გამოკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ის განყოფილებიდან დღეს დილით, დაახლოებით 09:00 საათზე გამოვიდა, თუმცა დეტალებზე მედიასთან არ უსაუბრია.

"სამართალდამცველებს ჰქონდათ გარკვეული კითხვები, რაზეც გავეცი პასუხები, თუმცა მეტს ვერაფერს მოგახსენებთ. მეტ ინფორმაციას ვერაფერს მოგაწოდებთ. სამართალდამცველები ყველა კითხვაზე გასცემენ პასუხს", - განაცხადა ხიდაშელმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ხიდაშელი თაღლითობის მუხლით (სსკ-ის 180-ე მუხლი) მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა.

ზაზა სარალიძემ გუშინდელ აქციაზე თქვა, რომ სუს-მა მისი მოპარვა დააპირა და რომ არა მისი მეგობრები, იქ აღარ იქნებოდა. სარალიძემ მოგვიანებით რუსთავი 2-ს უთხრა, რომ მის გატაცებას 20-მდე ადამიანი აპირებდა.

გარდა ამისა, ზვიად კუპრავას განცხადებით, მასზე და ზაზა სარალიძეზე თავდასხმა იგეგმებოდა, რის შესახებაც ინფორმაცია სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნისგან, მიხეილ ხიდაშელისგან აქვს. კუპრავამ ასევე აჩვენა ვიდეო, სადაც, მისი თქმით, ეს ინფორმაცია დასტურდება. აღნიშნული ჩანაწერი ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ. ზვიად კუპრავას თქმით, მიხეილ ხიდაშელი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელი ძმაა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პროვოკაციებზე საუბრობს "ქრონიკა +"-ის რედაქტორი, ელისო კილაძეც. მისი თქმით, ლევან დადუნაშვილის მამა, რომელმაც ზაზა სარალიძეს ხელისუფლებასთან შეხვედრა შესთავაზა, აქციაზე სუს-ის თანამშრომლებმა მოაცილეს. მან ორი პირის ფოტოც გაავრცელა და აღნიშნა, რომ ისინი იდენტიფიცირებულები არიან და ერთ-ერთი სუს-ის თანამშრომელი, ვატო ლებანიძეა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო გიორგობიანი აცხადებს, რომ მიხეილ ხიდაშელს სუს-ში არასდროს უმუშავია. მისივე თქმი, არც ვატო ლებანიძეა უწყების თანამშრომელი.

მოგვიანებით, რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლებანიძე აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.

კომენტარები