კახიძე: სარალიძის საქმე უნდა გამოიძიოს საპარლამენტო კომისიამ, ოპოზიციით უმრავლესობაში

სარალიძის საქმემ ცხადყო, რომ პროკურატურამ განიცადა სრული კრახი, განადგურდა მტკიცებულებები, ვერ მოიპოვეს მოწმეთა ჩვენებები, მთლიანად ჩავარდა გამოძიება.

რა თქმა უნდა, ამ კრახზე პასუხისმგებლობა პირადად ეკისრება უწყების ხელმძღვანელს, მთავარ პროკურორ შოთაძეს, რომელიც აუცილებლად უნდა გადადგეს.

მაგრამ,

ეს არ იქნება საკმარისი, რადგან ჩვენ გვჭირდება ამ საქმის მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოძიება.

ვინ უნდა გააკეთოს ეს? ვინ უნდა გამოიძიოს სარალიძის საქმე? ქართული ოცნების მიერ შოთაძის ნაცვლად დანიშნულმა მორიგმა ფარცხალაძემ თუ ბადაშვილმა?

რა თქმა უნდა, არა.

ეს საქმე უნდა გამოიძიოს საპარლამენტო კომისიამ, სადაც უმრავლესობაში იქნება არა ქართული ოცნება და მათი სატელიტები, არამედ ოპოზიცია.

თუ საგამოძიებო კომისია ქართული ოცნების უმრავლესობით შეიქმნა, ეს გამოძიებაც იქნება მორიგი ფარსი და აქტიური საზოგადოებრივი პროტესტით უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ საგამოძიებო ბერკეტები ოპოზიციის ხელში იყოს.

სწორედ საგამოძიებო კომისიამ უნდა უპასუხოს გარდაცვლილის ოჯახისა და მთელი საზოგადოების მოთხოვნას - ბოლომდე გამოიკვლიოს ყველაფერი, ახადოს ფარდა სიმართლეს და დადოს კვალიფიციური, ამომწურავი დასკვნა.

საზოგადოებამ უნდა გაიგოს სიმართლე, როგორც დანაშაულის ჩამდენების, ისე მათი მფარველების შესახებ.

ევროპული საქართველოს დეპუტატი ოთარ კახიძე მთავარი პროკურორის პოსტიდან ირაკლი შოთაძის გადადგომას და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საკითხზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას Facebook-ზე ეხმაურება.

კომენტარები