ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ევროპული საქართველო საპარლამენტო, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. ევროპული საქართველოს წევრის ელენე ხოშტარიას თქმით, ადექვატურია, რომ პარლამენტი ჩაერთოს და კითხოს გამოძიებას თუ რატომ დარჩა ამდენი კითხვა დაზარალებულ ოჯახს.
,,ვხედავთ, რომ სახელმწიფო კი არ იცავს ამ ადამიანებს, არამედ უპირისპირდება. როდესაც ასეთ საზარელ შემთხვევაზე ოჯახის წევრებს და არა მხოლოდ, გამოძიებასთან ძალიან ლეგიტიმური კითხვები და პრეტენზიები უჩნდებათ ყველაზე სწორი გამოსავალი არის პარლამენტმა აიღოს საზედამხედველო ფუნქცია. ამ ვითარებაში ადექვატურია, რომ პარლამენტი ჩაერთოს და ჩვენ ვკითხოთ გამოძიებას თუ რატომ დარჩა ამდენი კითხვა დაზარალებულ ოჯახს. ძალიან ცუდი პრაქტიკა გვაქვს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიებთან დაკავშირებით. მუხტარლიზე ფაქტიურად არც ერთი არგუმენტი არ არსებობდა რატომ არ უნდა შექმნილიყო ეს კომისია. სამწუხაროდ, პარლამენტის მზაობა, რომ კანონით დადგენილი პროცედურებით ჩაერთოს და ზედამხედველობა განახორციელოს აქამდე არ ყოფილა, მაგრამ ჩვენი ვალია ეს საკითხი დავაყენოთ. დავარწმუნოთ ქართული ოცნება და ცივილიზებული, სწორი გზით წარვმართოთ ეს პროცესი. ჩვენ უნდა დავადგინოთ რა ინტერესი აქვს გამოძიებას, რომ უპირისპირდება დაზარალებულის ოჯახს,’’ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებმა 1 დეკემბერს იჩხუბეს. შედეგად, მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე. მკვლელობის ბრალდებით შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე , მეორე - სამართალდამცავებს 4 დეკემბერს ჩაბარდა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გარდა ამისა, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალი წარუდგინეს ხუთ პირს.
ერთერთი მოკლულის მამა, ზაზა სარალიძე ამბობს, რომ გამოძიება ობიექტურად არ მიმდინარეობს და სამხარაულის ექსპერტიზა პროკურატურის დავალებით მნიშვნელოვან ინფორმაციას მალავს. მან გამოძიების ობიექტურად ჩატარების მოთხოვნით გუშინ აქციაც გამართა.





