თაღლითობა

თაღლითობის ბრალდებით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს. 

"ბრალდებულმა თავისი ნაცნობები ფ.ვ. და ნ.კ დაარწმუნა, თითქოს იგი ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის რეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელ თანამდებობის პირებთან და საოლქო პროკურატურის პროკურორთან.

ის ფ.ვ.-ს და ნ.კ.-ს დაჰპირდა, რომ საპატრულო პოლიციის საჯარიმო ავტოსადგომიდან გამოიყვანდა და მათ დაუბრუნებდა ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულ ნ.კ.-ს ნათესავების კუთვნილ ავტომანქანებს.

სანაცვლოდ, თითქოსდა აღნიშნული თანამდებობის პირებისთვის გადასაცემად, იგი თაღლითური გზით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ნ.კ.-ს კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს 6 400 აშშ დოლარისა და 4 000 ლარის ოდენობით" - აცხადებს მთავარი პროკურატურა და განმარტავს, რომ საპატრულო პოლიციის ინსპექტორი შსს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობით და სასამართლოს განჩინებით დააკავეს.

"საქართველოს პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით" - აღნიშნავს უწყება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები