იუსტიციის სამინისტრო

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის პირადობებსა და პასპორტებზე აქცია იწყება

იუსტიციის სახლი

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 15 მაისიდან პირადობის მოწმობებს უფასოდ მიიღებენ, ხოლო პასპორტებს ფასდაკლებით − 50 დოლარად.

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აქციის მიზანი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ამომრჩეველთა სიების დახვეწა და მასში საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უტყუარი და სანდო ბიომეტრიული მონაცემების არსებობაა.

პირადობის მოწმობების უფასოდ აღებას უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები 3 თვის განმავლობაში შეძლებენ, ხოლო პასპორტებზე შეღავათიანი ფასი 2 თვის განმავლობაში შენარჩუნდება. 

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, აქცია არ ითვალისწინებს ასაკობრივ შეზღუდვას. მის ფარგლებში საიდენტიფიკაციო დოკუმენტების აღებას უცხოეთში მცხოვრები ნებისმიერი ასაკის საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს.

აქციის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლის ვებგვერდებზე (sda.gov.ge; psh.gov.ge); სკაიპის მისამართსა (sda.gov.ge) და ტელეფონის ნომრებზე: 2 405 405 და 240 10 10.

კომენტარები