ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში, კახეთის, მცხეთისა და აჭარის რეგიონებში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ბრალდებით ხუთი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პირები, უკანონო სარგებლის მიღების მიზნით, საგადასახადო დოკუმენტაციის გაყალბებას და რეალიზაციას ახდენდნენ. კერძოდ, მათ დაამზადეს და გაასაღეს ყალბი ანგარიშ - ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, რომლის თანახმად, თითქოსდა რეალიზებულ იქნა სხვადასხვა დასახელების საქონელი - სამშენებლო და ხის მასალები, ასევე, სამეურნეო დანიშნულების პროდუქცია.
საქონლის რეალური მიწოდების გარეშე ფიქტიურად გამოწერილი, გაყალბებული საგადასახადო დოკუმენტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 300 000 ლარს შეადგენს" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4-წლამდე ვადით.





