კრიმინალი

შსს-მ თბილისში დიდი ოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში დიდი ოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. ამის შესახებ შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, კახაბერ ქემოკლიძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ორი პირი დააკავეს. 1974 წელს დაბადებულ პ.მ.-ს ბრალი ედება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღებაში, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 1977 წელს დაბადებული გ.ბ. კი დაკავებულია ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ პ.მ.-მ მიმდინარე წლის 13 აპრილს 7000 აშშ დოლარად, მართლსაწინააღმდეგოდ გაყიდა "გლოკ 17"-ის და "გლოკ 19"-ის მოდელების 2 პისტოლეტი. ასევე, დადგინდა, რომ იგი სისტემატურად ახდენდა იარაღის უკანონო რეალიზაციას. პოლიციამ პ.მ.-ს კუთვნილი იარაღის მაღაზიიდან ნივთმტკიცებად ამოიღო შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე არსებული კალაშნიკოვის სისტემის "G-47"-ის მოდელის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი და კარაბინის სისტემის შაშხანა.

მისი თანმხლები მეგობრის - გ.ბ.-ს პირადი და საცხოვრებელი ბინის სარდაფის ჩხრეკისას კი ამოღებულია: "გლოკ 34"-ის მოდელის პისტოლეტი, მაკაროვის სისტემის მაყუჩიანი პისტოლეტი 8 ვაზნით, ე.წ. ბარაბნიანი რევოლვერები, სხვადასხვა მოდელისა და სისტემის იარაღი, ვაზნები, ასევე, რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი დაშლილ მდგომარეობაში." - თქვა ქემოკლიძემ.

მისივე თქმით, გამოძიება დაადგენს იყო თუ არა ეს დანაშაული ერთად ორგანიზებული. შსს-მ გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და გასაღებას გულისხმობს.

კომენტარები