ე.წ ციანიდის საქმე

HRIDC: გიორგი მამალაძის მიმართ არსებითად დაირღვა სამართლიანი სასამართლოს პრინციპი

ნეტგაზეთი

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს წაერთვა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა და სახელმწიფოს მხრიდან ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მსხვერპლი გახდა. ორგანიზაციის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეში არსებითად დაირღვა მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რადგან ადვოკატებს დააკისრეს გაუთქმელობის ვალდებულება მაშინ, როდესაც პროკურატურა დაუბრკოლებლად ასაჯაროებდა საქმეში არსებულ არაერთ მტკიცებულებას. 

"პირველივე დღეებიდან, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენელთა მხრიდან, რამაც განაჩენის გამოტანამდე შექმნა საზოგადოებრივი წინასწარი განწყობა დეკანოზის დამნაშავეობასთან დაკავშირებით.

ე.წ. ციანიდის საქმეში არსებითად დაირღვა მხარეთა თანასწორობის პრინციპი იმ პირობებში, როდესაც ადვოკატებს დააკისრეს გაუთქმელობის ვალდებულება მაშინ, როდესაც პროკურატურა დაუბრკოლებლად ასაჯაროებდა საქმეში არსებულ არაერთ მტკიცებულებას. 

გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრებით დაცვის მხარეს წაერთვა შესაძლებლობა, ჩაეტარებინა საქმისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე ექსპერტიზა.

თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილეს დაცვის მხარის შუამდგომლობა აეროპორტში გიორგი მამალაძის დაკავებისა და ჩხრეკის ვიდეოჩანაწერების მოპოვებასთან დაკავშირებით, რაც საქმეში მნიშვნელოვან ნეიტრალურ მტკიცებულებას წარმოადგენდა.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ორივე ინსტანციის სასამართლოში წაერთვა დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება. პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა ვერ გასცეს პასუხი კითხვებს, თუ ვისგან და რა ვითარებაში შეიძინა დეკანოზმა ციანიდი. ორივე ინსტანციის სასამართლოში მტკიცების ტვირთი ბრალდებულზეა გადატანილი და ყოველგვარი ეჭვი გადაწყვეტილია ბრალდებულის საწინააღმდეგოდ.

ვერც ერთი ინსტანციის სასამართლომ ვერ გასცა პასუხი კითხვას, თუ რატომ ჰქონდა გადაწყვეტილი გიორგი მამალაძეს მაინცდამაინც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ არსებითად დაირღვა სამართლიანი სასამართლოს პრინციპი, რაც საქმის განხილვის და გადაწყვეტის ყველა ეტაპზე გამოვლინდა.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს წაერთვა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა და სახელმწიფოს მხრიდან ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მსხვერპლი გახდა“, - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაში.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

2018 წლის თებერვალში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. 

კომენტარები