კრიმინალი

შსს: ათენში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს, მათ 200-მდე ბინა აქვთ გაქურდული

REUTERS

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი და ბერძენი სამართალდამცველების თანამშრომლობის შედეგად, ათენში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. შსს-ს ცნობით, ერთობლივი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაკავებულები არიან 1965 წელს დაბადებული ვ.ხ., 1983 წელს დაბადებული ბ.თ., 1978 წელს დაბადებული მ.ფ. და 1976 წელს დაბადებული ვ.ჯ.

"ბრალდებულები გასაქურდ ბინებს წინასწარ არჩევდნენ, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს აღნიშნული ბინების შესახებ, შემდეგ კი ქურდავდნენ. დადგენილია, რომ დაკავებულებს საბერძნეთის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 200-მდე ბინა აქვთ გაქურდული.

სამართალდამცველებმა, ოთხივე პირის საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ფული და მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს" - აცხადებს შსს.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებს დანაშაულებრივი კავშირი ჰქონდათ ერთ-ერთ ე.წ. კანონიერ ქურდთან, რომლისგანაც დავალებებს იღებდნენ.

"ისინი "ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ. დაკავებულებს ბრალი ედებათ საბერძნეთის სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 374-ე, 13-ე, 45-ე და 98-ე მუხლებით გათვალისწინებულ ქმედებებში, რაც ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ჩამოყალიბებას, ჯგუფურად მრავალგზის ქურდობას, ფულის გათეთრებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - აცხადებს შსს.

კომენტარები