საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

ბექაური შათირიშვილზე: ზაზა თავისუფლების ხარისხით ყველა კანდიდატზე ძლიერია

ghn.ge

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ის ერთერთი იყო მათ შორის, ვინც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში მთავრობასთან დაახლოებული კომენტატორის, ზაზა შათირიშვილის კანდიდატურას ლობირებდა. 

4 მარტს ევროპული საქართველოს წევრმა თამარ კაკაბაძემ ტაბულასთან საუბრისას თქვა, რომ გაიგონა, როგორ საუბრობდა ბექაური საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორ ვასილ მაღლაფერიძესთან, მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილ უფროს მაია ბიგვავასთან და საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილთან ერთად იმაზე, თუ როგორ და რა ხერხებით უნდა გაეყვანათ შათირიშვილი საბჭოში. 

ბექაური ამბობს, რომ მას, როგორც "ქვეყანაში მედიაპოლიტიკის განმსაზღვრელს", აქვს უფლება აღნიშნულ თემაზე აზრი დააფიქსიროს. 

"როცა რომელიმე თვითმარქვია ჟურნალისტი ამბობს, რომ მე არ მაქვს უფლება საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს დავურეკო და დაველაპარაკო, ეს გასაგებია, მაგრამ როცა იმავეს ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, აქ უკვე არ ვიცი, რა კომენტარი გავაკეთო. როგორც ჩანს, ამ საკითხებში ერთნაირი კომპეტენცია აქვთ. მათ რომ ამ საკითხში ოდნავი კომპეტენცია ჰქონდეთ და იცოდნენ ევროპული მაგალითები, ამას ნამდვილად არ იტყოდნენ. კომისიის თავმჯდომარეს არა თუ საჯაროდ შეუძლია აზრის გამოთქმა ბორდის კანდიდატზე, საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებსა და ა.შ., არამედ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთსა და ლატვიაში, არათუ მსჯელობს კომისია ამ თემებზე, არამედ პირდაპირ ნიშნავს მათ. ამის პრაქტიკაც არსებობს. ამიტომ ის, რომ მედია პოლიტიკის შემქმნელ ორგანოს არ აქვს უფლება, რომ შეხვდეს ტელევიზიის დირექტორს, აზრს მოკლებულია. აბა, როგორ უნდა გავიგოთ ის პრობლემები, რაც მედიაში არსებობს, თუ მათ ხელმძღვანელებს არ ველაპარაკეთ?"- ამბობს ბექაური "იმედის კვირის" სიუჟეტში.

ამასთან, ბექაურის თქმით, ზაზა შათირიშვილს მისი ლობირება და მხარდაჭერა არ სჭირდება. ბექაურის შეფასებით, ზაზა შათირიშვილის მსგავსი თავისუფლების ხარისხი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის არცერთ კანდიდატს არ აქვს. მისი თქმით, მან უყურა გასაუბრება და იქ "ვითარება ამოყირავებულია". ბექაური თვლის, რომ შესარჩევი კომისიის წევრებმა "ვერ გაიგეს, რომ ეს არც დაკითხვაა და არც გამოცდა". 

"მთელ მსოფლიოში და კანონმდებლობითაც ასეა გაწერილი, რომ ბორდის კანდიდატები ორ მთავარ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ. მთავარი არის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოკიდებულება იყოს უზრუნველყოფილი. შესაბამისად, ბორდის წევრების თავისუფლების ხარისხი უნდა იყოს ძალიან მაღალი, სხვანაირად ისინი არხის დამოუკიდებლობას ვერ უზრუნველყოფენ. ზაზა შათირიშვილის აქვს თავისუფლების ხარისხი ძალიან მაღალი. არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ წარმოდგენილი კანდიდატებიდან ზაზა ამ მიმართულებით ყველაზე ძლიერია. მეორე ვალდებულება, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების სწორად განსაზღვრაა, კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულება არის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაუწყებლისთვის, რადგან ამ ტიპის და ამ შინაარსის გადაცემებს კერძო მაუწყებლები არ აკეთებენ. ამიტომ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულება და ამ მიმართულებითაც ზაზა შათირიშვილს დიდი სარგებლის მოტანა რომ შეუძლია მაუწყებლისთვის, ეს საკამათო არ არის,"- ამბობს კახა ბექაური "იმედის კვირაში".

16 მარტს ქართულმა ოცნებამ სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ზაზა შათირიშვილი წარადგინა. შათირიშვილმა, რომელიც პრორუსული და ანტიდასავლური განწყობებით გამოირჩევა, შესარჩევ კომისიასთან შეხვედრის დროს ვერცერთ ფაქტობრივ შეკითხვას პასუხი ვერ გასცა. ამასთან, იმავე შეხვედრაზე მან დაადასტურა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე ნამდვილად მისი მეგობარია, თუმცა კომისიის წევრის, სალომე უგულავას კითხვაზე, როგორ შეძლებს ის აკონტროლოს საზმაუს გენერალური დირექტორის ქცევა, მაშინ, როცა მისი მეგობარია, შათირიშვილმა პასუხის გაცემა ვერ შეძლო. 

გთავაზობთ ნაწყვეტებს ზაზა შათირიშვილის შესარჩევ კომისიასთან გასაუბრებიდან:

ასევე წაიკითხეთ: რა იდეები ამოძრავებს ზაზა შათირიშვილს, რომელიც საზმაუს საბჭოს წევრობისთვის იბრძვის

კომენტარები