საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

უმცირესობამ საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ნინია კაკაბაძე დაასახელა

hotpost.ge

საპარლამენტო უმცირესობამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად პარლამენტს ნინია კაკაბაძე წარუდგინა.

"ჩვენი არჩევანი არ იყო შემთხვევითი. ვთვლით, რომ რაც უფრო მეტი პრინციპული, კვალიფიციური ადამიანი იქნება, მით უფრო საჯარო და ღია გახდება ბორდის მუშაობა. ნინია სწორედ ასეთი ადამიანია. მართალია, ერთი ან ორი ადამიანი რეალურად ვერ შეცვლის ბორდის პოლიტიკას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქ იყვნენ კვალიფიციური და პრინციპული ადამიანები. რაც შეეხება პარლამენტის მხრიდან მის მხარდაჭერას, წინა მოწვევის პარლამენტში ჩვენ გვაქვს სამწუხარო გამოცდილება, როდესაც იმ კვოტაზე, რომელიც უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრების ვაკანსია, იყო უმრავლესობამ არ მისცა ხმა და ჩააგდო კანდიდატურა. იმედს გამოვთქვამ, რომ ამჯერად ასეთ საქციელს ადგილი არ ექნება და უმრავლესობა გააცნობიერებს კანონის იმ მოთხოვნას, რომ ერთი ვაკანტური ადგილი საზოგადოებრივ მაუწყებლის საბჭოში სწორედ უმრავლესობის გარეთ დარჩენილ დეპუტატების წარმომადგენლით უნდა მოხდეს", - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევმა კომისიამ მეურვეობის 12 კანდიდატი 13 მარტს შეარჩია.

პროცედურის თანახმად, პარლამენტი სწორედ ამ 12 კანდიდატიდან შეარჩევს ოთხ მეურვეს.

დღეს ცნობილი გახდა კიდევ ერთი კანდიდატის ვინაობა - ომბუდსმენმა CiDA-ს დამფუძნებელი ზვიად დევდარიანი წარადგინა.

თითო კანდიდატი უნდა დაასახელონ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ და საპარლამენტო უმრავლესობამ. 12-კაციანი სია, საიდანაც მათ ამ არჩევანის გაკეთება მოუწევთ, ასეთია:

  1. მალხაზ ასლამაზაშვილი - რეჟისორი;
  2. ნინია კაკაბაძე - ჟურნალისტი;
  3. დონარა შონავა - საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი;
  4. ზაზა შათირიშვილი - ფილოსოფოსი;
  5. იზაბელა ოსიპოვა - სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი;
  6. ხატია ყურაშვილი - კომუნიკაციების კომისიის ყოფილი პრესმდივანი;
  7. ზვიად დევდარიანი - სიდას ხელმძღვანელი;
  8. ბესო ლილუაშვილი - იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი;
  9. ნათია სირაბიძე - აჭარის განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე;
  10. ია მამალაძე - ჟურნალისტი;
  11. ნათია კობერიძე - ჟურნალისტი;
  12. ბაია პატარაია - საფარის ხელმძღვანელი.

კანდიდატთა საბოლოო სიას საქართველოს პარლამენტი გამოაქვეყნებს.

კომენტარები