საქართველო-NATO

იენს სტოლტენბერგმა გიორგი მარგველაშვილი NATO-ს 2018 წლის სამიტზე მიიწვია

პრეზიდენტის პრესსამსახური

იენს სტოლტენბერგმა გიორგი მარგველაშვილი ნატო-ს 2018 წლის ბრიუსელის სამიტზე მიიწვია. სამიტს საქართველო დაესწრება, როგორც ასპირატი და ალიანსის ღირსეული პარტნიორი ქვეყანა.

საქართველოს პრეზიდენტის და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრა ბრიუსელში შედგა. სამიტისთვის ალიანსის მზადების საკითხზე და მასზე საქართველოსთან დაკავშირებით მისაღებ გადაწყვეტილებებზე ისაუბრეს.

მათ შავი ზღვის უსაფრთხოების განსამტკიცებლად თანამშრომლობის პოლიტიკური და პრაქტიკული ასპექტებიც მიმოიხილეს.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას კი, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას. მხარეებმა წუხილი და შეშფოთება გამოთქვეს არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის გამო.

შეხვედრის მსვლელობისას იენს სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და ხაზი გაუსვა მის აქტიურ ჩართულობას სხვადასხვა საერთაშორისო ოპერაციაში, მათ შორის ავღანეთში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში.

საქართველოს პრეზიდენტმა აღუთქვა გენერალურ მდივანს, რომ საქართველო, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა, გააგრძელებს წვლილის შეტანას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებაში.

კომენტარები