კორუფცია

ასლი: ომეგა ჯგუფი უსამართლოდ ესხმის თავს მთავრობას და უპასუხისმგებლოდ იქცევა

ტაბულა

საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ და აშშ-ის სავაჭრო პალატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მაიკლ ქოუგილმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. მათ "ომეგა ჯგუფის" მიერ მთავრობის მიმართ გამოთქმული ბრალდებები შეაფასეს. ფადი ასლის განცხადებით, ომეგა წარსულში British-American Tobacco-სგან 270 მილიონი ლარის თაღლითურად მითვისებას ცდილობდა, მას შემდეგ კი რაც სააპელაციო სასამართლომ მათ საწინააღმდეგოდ მიიღო გადაწყვეტილება, ხოლო უზენაესმა სასამართლომ აღნიშნული დავის განხილვაზე უარი თქვა, ომეგა მთავრობის მიმართ უპასუხისმგებლო და ცილისმწამებლურ განცხადებებზე გადავიდა.

“ომეგა” ამტკიცებს, რომ საქართველოს მთავრობა იყო ჩართული მათთვის 270 მილიონი ლარის ჩამორთმევაში, რომლის თაღლითური გზით მიღებაც მათ British-American Tobacco-სგან უნდოდათ, და ამან გამოიწვია ფინანსური პრობლემები, რადგან მათ იმედი ჰქონდათ, რომ ამ ფულით დავალიანებებს და ფინანსურ ვალდებულებებს დაფარავდნენ. ახლა კი სასამართლომ მათ ამ ფულის მიღებაზე უარი უთხრა, რადგან სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, კორუმპირებული ვლადიმერ კაკაბაძის გადაწყვეტილება გააუქმა და ეს დაადასტურა უზენაესმა სასამართლომაც. ისინი აცხადებენ, რომ მთავრობა ამაზე პასუხისმგებელია, რაც არის აბსოლუტურად სასაცილო ბრალდება. ეს ამბავი ჰგავს გაკოტრებული პირის ისტორიას, რომელიც ბანკის გასაძარცვად წავა, პოლიცია მას გააჩერებს, ის კი პოლიციას თავის ფინანსურ პრობლემებში დაადანაშაულებს, რადგან მას ბანკის გაძარცვის საშუალება არ მისცეს. ასეთია დღეს ომეგასა და British-American Tobacco-ს საქმე. ჩვენ გვჯერა, რომ "ომეგა ჯგუფი" უსამართლოდ ესხმის თავს მთავრობას და იქცევა არაპროფესიონალურად, ამას არავინ დაიჯერებს, ისინი თავს სასაცილოდ იხდიან. არ ვიცი რა ხდება ტელეკომპანია "იბერიასთან" დაკავშირებით, "იბერიაც" ომეგა ჯგუფის ნაწილია. არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ "იბერიაა" პრობლემა. ვფიქრობ, მთელ ჯგუფს აქვს ფინანსური პრობლემები. მიმაჩნია, რომ "იბერიაზე" საუბრის მცდელობა და იმის თქმა, რომ ეს არის სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმა, არ არის პროფესიონალური”, - განაცხადა ფადი ასლიმ.

ომეგა British-American Tobacco-ს სიგარეტის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად გაყიდვასა და შესაბამისად, არაჯანსაღ კონკურენციაში ადანაშაულებდა. ამ მოტივით ომეგა $100 მილიონის ზარალის ანაზღაურებას ითხოვდა. ეს მოთხოვნა ომეგას პირველი ინსტანციის სასამართლომ შეუსრულა. თუმცა მნიშვნელოვანია გარემოება, რომ კანონმდებლობა, რომელზეც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს არ არსებობს. კანონის მიხედვით, აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად. ამასთან, კანონის თანახმად, მის შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონის დარღვევისას, მხოლოდ სახელმწიფოა უფლებამოსილი გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ჯარიმა თამბაქოს მწარმოებლის მიმართ. შესაბამისად ასეთი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დამრღვევმა ჯარიმა სახელმწიფოს უნდა გადაუხადოს და არა სხვა კერძო კომპანიას.

ამ გადაწყვეტილების გამო მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძეს სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ კორუმპირებული უწოდა. საქმეში კორუფციის ნიშნების არსებობის შესახებ მაშინ სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად მიუთითებდა. სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა. 

ომეგა ჯგუფის წევრმა კომპანიამ "ტვ იბერიამ" 20 თებერვალს გაავრცელა განცხადება, რომ სახელმწიფო ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებს, რომ "ომეგა ჯგუფს" ფინანსური პრობლემები მთავრობამ სწორედ იმიტომ შეუქმნა, რომ იბერიას სარედაქციო პოლიტიკაზე მოეხდინა გავლენა. 

ომეგა ჯგუფი 1991 წელს ზაზა ოქუაშვილმა დააფუძნა. ოქუაშვილი საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი მოქალაქეა, ის ახლა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია პატრიოტთა ალიანსის სიიდან. მისი მეუღლეც ამავე პარტიის წევრი და დეპუტატი ნატო ჩხეიძეა. 

“ომეგა ჯგუფში შედის: “ომეგა მოტორსი”, რომელიც დღეს საქართველოში BMW-სა და Bentley-ის, Opel-ის, Chevrolet-ის, Maserati-ს, Iveco-სა და Mini-ს ოფიციალური დილერია.

“ომეგაში” ცენტრალური ადგილი უჭირავს თამბაქოს ბიზნესს, მის შემადგენლობაში შედის სიგარეტის საწარმო “ოჯთ” ასევე, თამბაქოს დისტრიბუტორი კომპანია “ომეგა 2”.

ოქუაშვილმა 2000 წელს დააფუძნა ტელეკომპანია იბერია, ამავე წელს დააფუძნა გაზეთი “ახალი ეპოქა.”

ოქუაშვილი 1999-2003 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრიც იყო, მაშინ მილიონერი დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოში არა მოქალაქეთა კავშირის, არამედ აღორძინების სიით შევიდა.

კომენტარები