შეწყალების კომისია

არაძალადობრივი, მათ შორის ნარკოტიკული დანაშაულების მიმართ შეწყალების წესი იცვლება

პირველი რადიო

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, არაძალადობრივ დანაშაულებთან მიმართებაში შეწყალების წესი იცვლება და უფრო ჰუმანური ხდება.

ცვლილებები ნარკოტიკულ, ფინანსურ, ეკონომიკურ და სამოხელეო დანაშაულებს ეხება. 

ადმინისტრაციის ცნობით, ცვლილებების მიხედვით, შეწყალების კომისიამ სასჯელის ვადის კრიტერიუმების გარეშე უნდა განიხილოს იმ მსჯავრდებულთა თხოვნა, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული დანაშაულებები, გარდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალების გასაღებისა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვისა და მათი შემოტანა-ტრანზიტისა.

ასევე, შეწყალების კომისიამ, არსებითად უნდა განიხილოს იმ პირთა შეწყალების თხოვნა, რომლებიც გასამართლებულები არიან 381-ე მუხლით (განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა) და მათ სასჯელი დაეკისრათ "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევის საფუძველზე.

ასეთივე წესით კომისიამ უნდა განიხილოს იმ პირის თხოვნა შეწყალების თაობაზე, რომელმაც პირველად ჩაიდინა დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, ეკონომიკური, ფინანსური და სამოხელეო ხასიათის დანაშაულები და არ ჩაუდენია ეს დანაშაულები ძალადობით, ან ძალადობის მუქარით.

ამ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ პრეზიდენტს, როგორც კი დასრულდება საქმის განხილვა სამივე სასამართლო ინსტანციაში, ან გავა ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების ვადა, ხოლო კომისია არსებითად განიხილავს მათ საქმეებს.

კომენტარები