საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ საბაჟო პუნქტების გახსნას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ახალგორში ე.წ. საბაჟო პუნქტის გახსნას, ასევე სოხუმში რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ე.წ. სპეციალიზებული საბაჟო პოსტის შექმნას.

უწყება ხაზს უსვამს, რომ ეს მიზნად ისახავს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის ერთიან საბაჟო სივრცეში ინტეგრირებას და არის ამ რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ მორიგი უკანონო ნაბიჯი.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ახალგორში ე.წ. საბაჟო პუნქტის გახსნასთან ერთად, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში აიკრძალა დანარჩენი საქართველოდან ხორცისა და რძის პროდუქტების შეტანა, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ადგილობრივი მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას, ზღუდავს მათი თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობებს და უხეშად ლახავს მათ ფუნდამენტურ უფლებებს.

„საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და თავისუფალი გადაადგილების შესაზღუდად სხვადასხვა დისკრიმინაციული რეგულაციების შემოღების ფონზე, ე.წ. საბაჟო პუნქტების გახსნა წარმოადგენს მოსკოვის პოლიტიკის ნაწილს - ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებების იმპლემენტაციითა და დანარჩენი საქართველოსგან იზოლაციით, მოახდინოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის სივრცეში, მათ შორის, საბაჟო-ეკონომიკურ სისტემაში გაერთიანება.

ნიშანდობლივია, რომ მსგავსი დესტრუქციული ქმედებებით რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად ცდილობს, ხელი შეუშალოს საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის ჩართულობის მიმართულებით.“ - ნათქვამია განცხადებაში.
 

კომენტარები