გიორგი არევაძე

მოსამართლე, ვინც სააკაშვილს შეწყალებისთვის პატიმრობა მიუსაჯა, უვადოდ არ დაინიშნება

პირველი არხი

მოსამართლე გიორგი არევაძე, რომელმაც შეწყალების საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 3-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსს საკუთარი ინიციატივით გამოეთიშა. შესაბამისად, ის უვადოდ აღარ დაინიშნება.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავი 2 ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, გიორგი არევაძემ კონკურსის ყველა წინა პროცესი გაიარა და გადაწყვეტილება კენჭისყრის ეტაპზე მიიღო.

მას ინსტანციის შეცვლა და საქალაქო სასამართლოდან სააპელაციო სასამართლოში გადასვლა სურდა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 52 ვაკანტურ პოზიციაზე მოსამართლეებს დღეს ამწესებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ 5 იანვარს ცნო. მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ეს პირველი განაჩენია, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მიმართ საქართველოს სასამართლოებში გამოცხადდა.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით აქვს წარდგენილი. გამოძიების მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებას დაპირდა. გამოძიების თანახმად, ექსპრეზიდენტმა შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა შეიწყალა, "რითაც შექმნა სამართლებრივი ბერკეტი, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის".

კომენტარები