სადავო ეკლესიები

TDI: ხელისუფლებამ სომხური წარმომავლობის თანდოიანცის ეკლესია საპატრიარქოს გადასცა

TDI, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

2017 წლის ივლისში ხელისუფლებამ თბილისში, აღმაშენებლის გამზირის #38-ში მდებარე დაზიანებული ეკლესია და მისი მიმდებარე ტერიტორია საქართველოს საპატრიარქოს გადასცა. 

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) აცხადებს, რომ ხელისუფლებას არ შეუსწავლია ტაძრის ისტორიული წარმომავლობა და მისი კულტურული და კონფენსიური მახასიათებლები. არასამთავრობო ორგანაზაციის ცნობით, ტაძარი, რომლის ფუნდამენტზეც საპატრიარქო უკვე სხვადასხვა სახის სამუშაოებს ახორციელებს, სომხური წარმომავლობისაა და მას თანდოიანცის ეკლესიად მოიხსენიებს. 

"ეკლესიის სომხური წარმომავლობა და ის ფაქტი, რომ ტაძარი საბჭოთა ოკუპაციამდე სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიას ეკუთვნოდა, არაერთი წყაროთი დასტურდება. აღმაშენებლის N38-ში შემორჩენილია სომხურენოვანი წარწერა შემდეგი შინაარსით:

“ეს სასწავლებელი აშენებულია პირადი სახსრებით, თბილისელი ქვრივის, კეკელ გრიგორიან-თანდოიანცის მიერ, წარმომავლობით ბაბასიანისა, მისი ძმის ალექსანდრე გრიგორიან-ბაბასიანის ხელშეწყობით   მათი  და  ამ ეკლესიის ამშენებლების სულების მოსახსენიებლად, რომლებიც დაკრძალულნი არიან ამ  ტაძარში -  სააკ თანდოიანცის ეკლესიაში ... 1883 წ.”

ამგვარად, ამ ვერსიით, საუბარია თანდოიანცის სურბ ასტვაწაწინის სომხურ ეკლესიაზე.

ეკლესიის სომხურ წარმოშობაზე ინფორმაცია გვხვდება სხვა წყაროებშიც. მაგალითად, თბილისის მერიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში მითითებულია ლეონ მელიქსეთ-ბეგის ცნობები ტაძრის შესახებ: “წმ. ღმრთისმშობლის ეკლესია სავარაუდოდ 1860 წელს ააგო საჰაკ თანდოიანცმა. თბილისის 1867 წლის გეგმაზე უკვე ნათლად ჩანს აქ არსებული ეკლესია. [...]ტერიტორიის მიმდებარედ დგას ყოფილი სასწავლებლის შენობა[...] შენობაზე დღემდე არის შემორჩენილი ფილა სომხურენოვანი წარწერით. წარწერის მიხედვით ირკვევა, რომ აღნიშნული სასწავლებელი აშენებულა 1883 წელს თბილისელი ქვრივის კეკელა გრიგოლის ასულ თანდოიანცისა და მისი ძმის ალექსანდრე ბაბანასიანცის ღვაწლით”.

თბილისის მერიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში მკვლევარი სოფიო ჭანიშვილი უშვებს იმ ფაქტს, რომ სომხური ტაძარი შესაძლოა სოფელ კუკიის ეკლესიის ნაფუძარზე აგებულიყო. თუმცა, არ არის მოყვანილი ოფიციალური ცნობები აღმაშენებლის N38-ში მდებარე ეკლესიის მართლმადიდებლურ-ქრისტიანულ  წარმომავლობასთან დაკავშირებით.[1]

აღსანიშნავია, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისის თბილისის  რუკებზეც (1913წ. და 1924წ.) აღნიშნული შენობა დატანილია როგორც სომხური ეკლესია. ასევე, TDI-იმ მოიძია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ცნობები: 1874, 1875, 1884, 1907, 1921 წლების თანდოიანცის ეკლესიის საეკლესიო ჩანაწერები.

საბჭოთა ოკუპაციის დროს, სხვა საკულტო ნაგებობების მსგავსად, ეკლესია დაიხურა და ჩამოერთვა რელიგიურ თემს. ეკლესიის დახურვას ადასტურებს თბილისის აღმასკომის პრეზიდიუმის 1924 წლის განკარგულება[2].

1927 წლის 12 აგვისტოს ეკლესიის შენობა ჩაიბარა „ტფილისის აღმასკომის სამნეო ქ/განყოფილებამ”. ამის შემდეგ შენობა სხვადასხვა ფუნქციით გამოიყენებოდა. მათ შორის, როგორც კინო და მეეზოვეთა კლუბი.[3]

2015-2016 წლებში, ხელისუფლება აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციისას, პროექტი “ახალი ტფილისის” ფარგლებში აღმაშენებლის გამზირის N38-ში დაზიანებულ საკულტო ნაგებობას სომხურ ეკლესიად აღიარებდა და გრიგორიანულ წმინდა ჯვრის გამოჩინების ეკლესიად მოიხსენიებდა.

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სააღრიცხვო ბარათში ხელოვნებათმცოდნე ლალი ანდრონიკაშვილი წერს, რომ დ. აღმაშენებლის გამზირის #38-ში, ეკლესიის გვერდით შენობაზე არსებული წარწერა და ამ ტერიტორიაზე შემორჩენილი სხვა დეკორატიული ელემენტები 1883 წლისთვის არსებული სომხური მონასტრის არსებობას ადასტურებს. ანდრონიკაშვილი უთითებს, რომ აღნიშნული ადგილი, ვახუშტი ბატონიშვილის 1735 წლის თბილისის გეგმაზე, მტკვრის მარცხენა ნაპირზე დატანილია როგორც ახალსოფლის უგუმბათო, უსახელო ეკლესია. უშუალოდ ამ ეკლესიაზე პლატონ იოსელიანი თბილისის სიძველეთა აღწერისას წერს, რომ “კვირაცხოველის ეკლესიაზე იყო მიწერილი უფრო მცირე ეკლესია, რომელიც კუკიაზე არსებობდა 1622 წლამდე, რომელიც შაჰ-აბასს დაუნგრევია”. ავტორი გამოთქვამს ვარაუდს, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში სომხებმა ახალი ეკლესია ააგეს, სავარაუდოდ, თანდოიანცი. ლალი ანდრონიკაშვილი აღნიშნავს რომ “ის მოცულობა, რომელიც დღეს სახეზეა, აშკარად სომხური წარმომავლობისაა”,"- წერია TDI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, რომ საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისთვის, მათ შორის სომეხთა სამოციქულო ეკლესიისთვის ერთერთ მწვავე პრობლემას საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუცია წარმოადგენს. TDI-ის ცნობით, მათი ნაწილი სახელმწიფოს საკუთრებაშია, ხოლო ნაწილი საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა. 

"გარდა იმისა, რომ რელიგიური გაერთიანებები ისტორიულ ქონებას ვერ იბრუნებენ, წლების განმავლობაში, სახელმწიფოს დიკსრიმინაციული პოლიტიკისა და გულგრილობის გამო, ისტორიული ქონება და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ხშირად ნადგურდება და ინგრევა,"- წერია განცხადებაში. 

კომენტარები