შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში სამი ნიღბიანი პირი სახლში შეიჭრა და ოჯახის ერთი წევრი დაჭრეს. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 19 დეკემბერს სამი დაუდგენელი ნიღბიანი პირი ქუთაისში, სულხან საბას მე-5 ჩიხში, 1980 წელს დაბადებული თ. ა.-ს საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. ერთ-ერთმა პირმა გადაჭრილი თოფიდან გასროლით ოჯახის ერთი წევრი - 2002 წელს დაბადებული ნ.მ. ფეხის არეში დაჭრა, რის გამოც იგი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხნენ თვითმხილველები და თ.ა.-ს ოჯახის წევრები. დადგინდა, რომ თავდამსხმელებს ფული ან ძვირფასეულობა არ მოუთხოვიათ. შესაბამისად, გამოძიება მხოლოდ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს" - აცხადებს შსს.





