ქურდობა

შსს: ტელევიზორისა და ელექტროხერხის მოპარვისთვის ორი პირი დავაკავეთ

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტელევიზორისა და ელექტროხერხის მოპარვის ბრალდებით მცხეთაში ორი პირი დააკავეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ 1976 წელს დაბადებული გ.გ. და 1994 წელს დაბადებული ბ.ტ. სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან ტელევიზორი და ელექტროხერხი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან 3 საათში, მცხეთაში დააკავეს, ხოლო ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა"ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ა", "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც ექვსიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

კომენტარები