წულუკიანი ცვლილებებზე: ჯერ რაიმე ციფრების გაცხადება არასწორი იქნება

ტაბულა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, სანამ ახალი მინისტრები "თავად არ ჩავლენ დეტალებამდე", იქამდე, "რაიმე ციფრების გაცხადება არასწორი იქნება". ამის შესახებ წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, კითხვაზე - საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, ჯამურად რა თანხა დაიზოგება.

"როცა პრემიერი ამ გადაწყვეტილებებს იღებდა, რა თქმა უნდა, გარკვეული გათვლებიც კეთდებოდა. დღეს ჩვენ მოვისმინეთ ბევრი არგუმენტი, თითქოს დაანონსდა ცვლილება ისე, რომ არაფერი გათვლილი და დათვლილი არ არის. არც ერთი პასუხისმგებლიანი პრემიერმინისტრი და პოლიტიკოსი არ აანონსებს ასეთ ცვლილებებს, თუ არ არის დათვლილი, რა შეიძლება ამან მოიტანოს.

მანამ, სანამ ახალი მინისტრები (იქ სადაც არის სიახლე) და მით უმეტეს ის მინისტრები, ვინც თანამდებობაზე რჩება, მაგრამ მას ურთდება ახალი უფლებამოსილებები, თავად არ ჩავლენ დეტალებამდე, მანამდე ალბათ რაიმე ციფრების გაცხადება იქნება არასწორი, რადგან შემდეგ, შეიძლება გვქონდეს მცირედი, მაგრამ მაინც ცდომილებები" - ამბობს წულუკიანი.

იუსტიციის მინისტრის თქმით, მთავარი ის არის, რას ისახავს მიზნად პრემიერის გადაწყვეტილება.

"როგორც მან აგვიხსნა და აუხსნა საზოგადოებას, მიზანი არის ერთი - დაიზოგოს უფრო მეტი სახსრები. თუ რა ციფრებში აისახება ეს მიზანი, რაც უფრო დიდი იქნება ციფრი, რა თქმა უნდა, ვიტყვით, რომ "ეს მიზანი კარგად შესრულდა და მივაღწიეთ" და ამისკენ უნდა ისწრაფოდეს ყველა" - თქვა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ "ბიუროკრატია უნდა გვქონდეს იმდენი, რამდენიც სჭირდება სახელმწიფოს ეფექტურად მართვას".

შეგახსენებთ, რომ ოთხი უწყება სამინისტროს სტატუსს კარგავს და სხვა სამინისტროს უერთდება, ესენია გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, სპორტის და ახალგაზრდობისა და ევროინტეგრაციის სამინისტროები. 

ტაბულამ ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურისგან გამოითხოვა ინფორმაცია - თუ არსებობს წინასწარი გათვლები, რა საბიუჯეტო რესურსი შეიძლება დაიზოგოს სამინისტროების შერწყმით. უწყების პასუხის მიხედვით, ცვლილების ერთ-ერთი დადებითი შედეგი საბიუჯეტო ხარჯების შემცირება იქნება, თუმცა ამ დროისთვის, უწყებას შემცირების ზუსტი მაჩვენებლის დასახელება არ შეუძლია.

კომენტარები