რუსეთის სამართლებრივი სისტემა

მედვედევს რუსეთის სასამართლო სისტემის ციფრულ მოდელზე გადაყვანა შესთავაზეს

ალექსანდრ მირიდონოვი / კომერსანტი

რუსეთის მთავრობის პროექტების მართვის განყოფილებამ პრემიერმინისტრ დიმიტრი მედვედევს წინადადებით მიმართეს, რომლის მიხედვითაც ნორმატიული აქტები და სასამართლო სისტემა ციფრულ მოდელზე უნდა გადავიდეს. პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ მოძველებული სისტემის ციფრულ მოდელზე გადაყვანა ქვეყანაში ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. საუბარია "ელექტრონული კოდექსის" შექმნაზე, რომელიც ფრანგული მოდელის ანალოგიას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც ტიპური სასამართლო გადაწყვეტილებები ხელოვნური ინტელექტის (AI) საშუალებით გადაწყდება და სასამართლო პრაქტიკის ავტომატიზებული სისტემა შეიქმნება. 

"რუსეთის სამართლებრივი და სასამართლო სისტემის ნაკლოვანება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და ინვესტიციისთვის ერთერთ ყველაზე დიდ შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენს,"- წერია პროექტების ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი სლეპნევის წერილში, რომელიც მან მედვედევს გაუგზავნა. 

ამ წერილის მიხედვით, რუსული სამართლის პრობლემები ის არის, რომ სისტემა მოძველებულია, არაგამჭვირვალეა, რასაც საბოლოო ჯამში, საქმე კანონისთვის გვერდის ავლისა და კორუფციისკენ მიჰყავს. სლეპნევი მიიჩნევს, რომ ამ პრობლემების გადალახვა ტრადიციული მექანიზმებით არ გამოვა, ამიტომაც, ისინი პრემიერმინისტრს ხელოვნურ ინტელექტს სთავაზობენ.

შეთავაზებული ციფრული სამართლებრივი სისტემის პირველი ეტაპი, მათი თქმით, უნდა იყოს "მოძველებული, უფუნქციო, არაეფექტიანი და არაერთგვაროვანი ნორმების" გამოვლენა, რისი შედეგიც, შესაძლოა, იყოს როგორც კონკრეტული ნორმების კორექტირება, ასევე, ხარისხიანი სამართალწარმოების საერთო რეკომენდაციების დამუშავება. ამის შემდეგი ნაბიჯი იქნება "ელექტრონული კოდექსისა" და "გაერთიანებული ნორმატიული აქტების" შექმნა, მაგალითისთვის კი საფრანგეთია მოყვანილი. საუბარია სამთავრობო ელექტრონული სამართლებრივი სისტემის შექმნაზე: მოქმედი ნორმები უნდა დახარისხდეს "ხარისხიან კანონებად", ხოლო მომავალში ონლაინ-კოდექსები მათ ადგილს ოფიციალურად დაიკავებენ. მესამე ეტაპად პროექტის ხელმძღვანელები სამართლებრივ გადაწყვეტილებებში ხელოვნური ინტელექტის ჩართვას ითხოვენ, რაშიც, ასევე, იგულისხმება ის, რომ დოკუმენტები იმის მიხედვით დალაგდება, თუ რომელ სამართლებრივ ჭრილში უნდა განიხილოს ისინი. 

"პროექტების ოფისის იდეა ეს არის მცდელობა, თარგმნონ ფრანგული სისტემა ჩვენთვის,"- კომერსანტთან საუბრისას ამბობს ანონიმური წყარო, რომელიც გამოცემის ცნობით, მთავრობასთან დაახლოებული პირია.

მისი თქმით, საუბარი ათობით ათასი საკანონმდებლო აქტების დახარისხებაზე ჯერ კიდევ სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო იურიდიულ ფორუმზე მიდიოდა. 

"თუმცა, ფრანგულ სისტემას რუსეთის ფედერაციაში ვერ მივიღებთ, ამისთვის მთელი სასამართლო სისტემის შეცვლა მოგვიწევს,"- ამბობს წყარო. 

ამასთან, წყარო ამბობს, რომ მთავრობაში დადებითად არიან განწყობილები, რომ საკანონმდებლო და კანონპროექტების მომზადებისას გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი. მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება, როგორც მინიმუმ, გრამატიკული შეცდომებისგან მაინც დაიხსნის მათ, რომელიც ახლა რეგისტრაციის დროს ხელით სწორდება. ამასთან, წყაროს ცნობით, ხელოვნური ინტელექტი მათ კონკრეტული მუხლების დუბლირებასა აარიდებს თავიდან. 

კომენტარები