არჩევნები 2017

კალაძე: მოგონილ ჭორებზე განცხადებების გაკეთება პრეზიდენტისგან, არასწორი მგონია

ქართული ოცნება

თბილისის არჩეული მერი კახა კალაძე, პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ქვეყანამ უარი ჯერ კიდევ ვერ თქვა. კახა კალაძის თქმით, პრეზიდენტის მხრიდან მოგონილ ჭორებზე განცხადებების გაკეთება არასწორია. 

"მე არ მომისმენია პრეზიდენტის განცხადება, თუმცა უბრალოდ მოგონილ ჭორებზე განცხადებების გაკეთება პრეზიდენტის მხრიდან, მგონია რომ არასწორია. პრეზიდენტი უფრო მაღლა უნდა დადგეს ამ ყველაფერზე. თუ არსებობს ამის რაიმე დამადასტურებელი ფაქტი, ერთად მივმართოთ შესაბამის სამსახურებს, მოხდეს გამოძიება, თუ ვინმე ავალდებულებდა ამ ადამიანებს, თუ იყო ზეწოლა, ესეც გამოვიძიოთ. ის, რომ მასწავლებელი, ბაღის თანამშრომელი, ექიმი ჩართული იყო საარჩევნო პროცესებში და მხარს მიჭერდა პირადად მე და ქართულ ოცნებას, აქ დასაძრახი და სიახლე არაფერია. ყველა ადამიანს აქვს უფლება და შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, დაესწროს შეხვედრებს, ჩაატაროს თუნდაც აგიტაცია და მე აქ არანაირ პრობლემას არ ვხედავ. თუ რაიმე დარღვევაა, ერთად გამოვიძიოთ. სიცრუეზე აკეთებ განცხადებებს, თან პრეზიდენტი, მე მგონი ცოტა არასწორია.

გიორგი მარგველაშვილმა არჩევნების შესახებ, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გუშინ ისაუბრა. 

"საჯარო სამსახურში მომუშავე ადამიანების სამსახური არ უნდა იყოს პოლიტიკური არჩევანის რისკთან დაკავშირებული. ძალიან ბევრი კითხვა დაისვა საჯარო მოსამსახურეების ნებასთან მიმართებით, თუ რამდენად იყო მათი ნება თავისუფალი და მათი უშუალო ხელმძღვანელები რამდენად აკონტროლებდნენ მათ ნებას. აქ საუბარია ადამიანებზე, რომელთათვისაც სამსახური არ უნდა იყოს პოლიტიკური არჩევანის რისკთან დაკავშირებული." - თქვა მარგველაშვილმა. 

კომენტარები