არჩევნები 2017

პრემიერი: არავის არ უნდა მიეცეს საბაბი, თქვას, რომ რამე ჩრდილი მიადგა ამ არჩევნებს

facebook.com/KvirikashviliOfficial

არჩევნებამდე ორი დღით ადრე, საქართველოს პრემიერმინისტრმა სახელმწიფო უწყებებს, პოლიტიკურ ძალებს და მოსახლეობას მიმართა. გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ "თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა". მისი შეფასებით, 21 ოქტომბრის არჩევნები ამის მორიგი დასტური იქნება. პრემიერმინისტრის თქმითვე, "წინასაარჩევნო პროცესი იყო უპრეცედენტოდ მშვიდი და ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა თავისუფალი, მშვიდობიანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება".

"მინდა, არჩევნებამდე ორი დღით ადრე მივმართო პირველ რიგში სახელმწიფო უწყებებს, მეორე რიგში პოლიტიკურ ძალებს და მესამე რიგში მთლიანად საზოგადოებას - ჩავატაროთ ეს არჩევნები ისე, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ საქართველოში ჭეშმარიტად ევროპული დემოკრატიის განმტკიცების გზაზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს ძალადობრივი არჩევნები და საერთოდ დავიწყებული იყოს სიტყვა, რასაც ერქვა წარსულში გაყალბებული, ძალადობრივი არჩევნები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობთ, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ბოლო 5 წლის განმავლობაში ასეთი საქართველოს და ასეთი დემოკრატიის შექმნის გზაზე. 

მინდა, მოვუწოდო სახელმწიფო უწყებებს, რომ არ მივცეთ საბაბი არავის - ერთი სიტყვა მაინც თქვას სახელმწიფო რესურსის გამოყენებაზე.

მინდა მოვუწოდო ჩვენს მომხრეებს და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი ძლიერება არის სწორედაც განსხვავებული აზრის პატივისცემა, ჩვენი უპირატესობა სწორედ ამაში მდგომარეობს და ამაშია სწორედ ის დიდი განსხვავება და ის ცვლილება, რომელიც ქვეყანაში განხორციელდა 2012 წელს და და 2012 წლის შემდგომ ჩატარებულ ყველა არჩევნებში კიდევ ერთხელ დადასტურდა.

მე მჯერა, რომ ჩვენი მოსახლეობა სათანადოდ აფასებს ამ ძალიან დიდ ტრანსფორმაციას, რომელიც ქვეყანაში განხორციელდა და დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნების მიერ შექმნილ სრულიად სხვა რანგის და სხვა ხარისხის დემოკრატიას ჩვენი მოსახლეობა სათანადოდ დააფასებს, როგორც ეს მოხდა გასული რამდენიმე არჩევნების განმავლობაში" - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე, "განსაკუთრებით" მოუწოდა სამართალდამცავებს და პოლიციას, "რომ მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ ნებისმიერი ძალადობის გამოვლინების პრევენციისთვის". მისი თქმით, "არავის არ უნდა მიეცეს საბაბი, თქვას, რომ რაიმე ჩრდილი მიადგა ამ არჩევნებს. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მე დარწმუნებული ვარ, ყველა სტრუქტურა მაქსიმუმს გააკეთებს ამისათვის".

პრემიერმინისტრმა მოსახლეობას საარჩევნო უბანზე მისვლისკენაც მოუწოდა.

"ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, კიდევ უფრო უკეთესი მომავლის შექმნისთის. ჩვენს ქვეყანაში გატარებული ცვლილებების შედეგად თანდათან უნდა განმტკიცდეს კავშირი ამომრჩევლის ნებასა და ხელისუფლების პასუხისმგებლობას შორის. ეს კავშირი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორედ ეს კავშირია, რაც შექმნა ჩვენმა ხელისუფლებამ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები იქნება კიდევ ერთი ნათელი მაგალითი ამის" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ადგილობრივი თითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარები