თბილისის საკრებულო

შსს: თავი შეიკავეთ პროვოკაციებისგან და დაემორჩილეთ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს მიმართავს, თავი შეიკავონ პოლიციაზე თავდასხმისა და პროვოკაციებისგან და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

უწყების მიერ თბილისის საკრებულოს ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიცია მოქმედებს კანონის ფარგლებში, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით.

შსს აღნიშნავს, რომ პოლიციის კანონის შესაბამისად, "პოლიციელი უფლებამოსილია პირს მოსთხოვოს გარკვეული ადგილის განსაზღვრული დროით დატოვება ან აუკრძალოს მას კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლა, თუ ეს აუცილებელია საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მომართვა, ასევე, ღია წყაროებით მოპოვებული ინფორმაცია წარმოადგენდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის აქტივისტების საკრებულოს შენობაში შეშვებას, შესაძლოა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება გამოეწვია და საფრთხე შეექმნა მოქალაქეებისთვის, პოლიციამ მიიღო გადაწყვეტილება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით მინიჭებული უფლების გამოყენების თაობაზე.

"რაც შეეხება თბილისის საკრებულოს შენობაში საქართველოს პარლამენტის წევრების არშეშვების საკითხს, აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „პარლამენტის წევრს უფლება აქვს შეუფერხებლად შევიდეს ყველა სახელმწიფო ორგანიზაციაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა“. შესაბამისად, კანონი, რომელიც ამ უფლებას ანიჭებს პარლამენტის წევრს, თავადვე ადგენს შეზღუდვასაც სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი გარემოებების სასარგებლოდ", - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში. 

დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე დასწრების სურვილი ევროპული საქართველოს და ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გამოთქვეს, თუმცა პოლიციამ ისინი შენობაში არ შეუშვა. გადაწყვეტილება, რომ საკრებულოს სხდომას მხოლოდ მედია და საკრებულოს წევრები დაესწრებოდნენ, გიორგი ალილბეგაშვილმა მიიღო. 

სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის პუშკინის სკვერის 1 ლარად გადაცემის საკითხი, ასევე თაბორის მთაზე ტერიტორიის გადაცემის საკითხი დაამტკიცეს. ოპოზიცია სწორედ ამ გადაწყვეტილების მიღებას ეწინააღმდეგებოდა. 

კომენტარები