იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, "დღეს მიღებული კონსტიტუცია ყველა ნაწილში სჯობს წინას". მისი თქმით, ეს არის კონსტიტუცია, რომელიც აძლიერებს პარლამენტს, საპარლამენტო მოდელს, მოსამართლეებს, იუსტიციის საბჭოს და ამომრჩეველს.
"ახალ კონსტიტუციას ადამიანის უფლებების დაცვა აჰყავს უფრო მაღალ ხარისხში და რეალურად ისეთ მნიშვნელოვან აქტორებსაც კი მართლმსაჯულების პროცესში, როგორიც არის ადვოკატთა კორპუსი, უფრო მაღალ გარანტიებს სთავაზობს, და მრავალი სხვა სიკეთეა ამ კონსტიტუციით უზრუნველყოფილი. ამიტომაც ამ ტექსტს მივესალმები. მივესალმები ყველა დეპუტატის მხარდაჭერას, რომელი პარტიიდანაც უნდა იყოს, ვინც ხმა მისცა კონსტიტუციას, რადგან ეს არის ტექსტი, რომელიც მომავალში გამორიცხავს − ვინც უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში − ხელისუფლების უზურპაციას და, ასევე, გამორიცხავს, რაც მე მახსოვს თანამდებობაზე ყოფნისას, რომ ადამიანებს შორის შეიძლება არ იყოს კეთილი ურთიერთობები და ამან გამოიწვიოს ინსტიტუტებს შორის კრიზისი. ეს ყველაფერი არის ამიერიდან გამორიცხული და ეს ეპოქა არის დამთავრებული" - განაცხადა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ "მარტივ მამრავლებად დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს მიკროფონებში მეტი დამაჯერებლობისთვის ბევრს ყვიროდა, მაგრამ მათ არ ჰქონდათ რეალური არგუმენტები".
"როდესაც ნახეს ვენეციის კომისიის დასკვნა, როდესაც ნახეს, რომ რეალურად ეს კონსტიტუცია ყველა ინსტიტუტს აძლიერებს და ქვეყანა კარგ, პროგრესულ მომავალზე არის ორიენტირებული. მათ როგორც სჩვევიათ, დატოვეს, გაიქცნენ. ისინი გარბიან დარბაზებიდან. ისინი, ასევე, გაიქცნენ უწყებათაშორისი კომისიის სხდომიდან, იმიტომ, რომ მათ აღარ აქვთ სხვა ძალა, გარდა იმისა, რომ გაიქცნენ და შექმნან შოუ. მთავარი ეს არ არის, მთავარი არის მომავალი; ამ კონსტიტუციის პირობებში კი ის არის დაბალანსებული საპარლამენტო მოდელი, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და ადამიანის უფლებები, მაღალი ხარისხით დაცული“, - ამბობს იუსტიციის მინისტრი.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით დღეს მიიღო.





