დავით კეზერაშვილი

მელია: კეზერაშვილმა მილიონები ყაჩაღობით, ქურდობით და ძარცვით იშოვა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას მტკიცებით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა მილიონები "ყაჩაღობითა და ძარცვით იშოვა". ამის შესახებ მელიამ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში, გადაცემაში "დიანა ტრაპაიძის დღის ამბები" ისაუბრა. ნიკა მელიას თქმით, კეზერაშვილი ახლა "ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ ევროპულ საქართველოს აფინანსებს."

"არ მაქვს მორალური უფლება, სამართლიანად ვაკრიტიკო ფარცხალაძე, როდესაც ასობით მილიონს შოულობს, როცა ვიცი, რომ იმ პარტიაში, რომელშიც მე ახლა პოლიტიკურ საბჭოს ვხელმძღვანელობ, წლების წინ იყო ადამიანი, რომელმაც სრულიად გაურკვევლად იშოვა მილიონები - ყაჩაღობით, ქურდობით, ძარცვით და ახლა, ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ ევროპულ საქართველოს აფინანსებს.

ეს და სხვა ადამიანები იყვნენ სირცხვილი და ნამდვილად ვერაფრით ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას მე დავით კეზერაშვილისნაირ ადამიანებზე. საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე იშოვა ფული? ფინანსურ პოლიციაში როდესაც მუშაობდა, ძარცვავდა, როგორც ფარცხალაძე ძარცვავს დღეს მთელ საზოგადოებას. ყველა მისი ბიზნესპარტნიორი, ყველა მისი მოწილე დღეს საქართველოში იმყოფება, რომლებიც სამართლიანად თუ უსამართლოდ განდევნილები იყვნენ...

და დღეს, ევროპული საქართველოს წარმომადგენლებს, ბოკერია-უგულავას პარტიას რომ აფინანსებს, როგორ გგონიათ, ივანიშვილის დასტურის გარეშე ხდება ეს ყველაფერი?... ენმ არის განახლებული პარტია და ამ პარტიაში მოღალატე უგულავების დრო აღარ იქნება, აღარც ბოკერიების, აღარც კორუმპირებული კეზერაშვილების, ფარცხალაძეების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ" - თქვა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია 2013-2014 წლებში გიგი უგულავას მერობის დროს, მთაწმინდის რაიონის გამგებელის პოზიციას იკავებდა. ის, 2008-დან 2012 წლამდე აღსრულების ეროვნულ ბიუროში, ჯერ უფროსის მოადგილის, შემდეგ კი, უფროსის თანამდებობაზე იყო. ნიკა მელია ასევე იკავებდა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებლო ბიუროს თავმჯდომარის პოსტს. 

გარდა ამისა, 2015-დან 2016 წლამდე, ნიკა მელია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის გიგი უგულავას მოადგილე და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იყო. 

კომენტარები