სავაჭრო პალატა

ფადი ასლის წინააღმდეგ მოსამართლის სარჩელის განხილვა 8 სექტემბერს იწყება

ტაბულა

2017 წლის 8 სექტემბერს, 11 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის მიერ საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის, ფადი ასლის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის საფუძველზე სასამართლო სხდომა გაიმართლება.   
 
მოსამართლე კაკაბაძეს მიაჩნია, რომ ფადი ასლის მიერ მისი მოხსენიება კორუმპირებულ მოსამართლედ მის პატივსა და ღირსებას შელახავს.  
 
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძემ მიიღო ორი გადაწყვეტილება კომპანიების ფილიპ მორისისა და ბრითიშ ამერიქან თობაქოს წინააღმდეგ, რომელიც ითვალისწინებდა კომპანიების ერთობლივად 138 მილიონი აშშ დოლარით დაჯარიმებას. ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობოდა კანონს, რომელიც საქართველოში არც კი არსებობს. მოგვიანებით, ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკისა და ნეგატიური შეფასების  ფონზე, ზემოაღნიშნული უკანონო გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.  
 
2017 წლის 24 მარტს, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნულმა კომიტეტმა საქართველოში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეიატანა სარჩელი  მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის საქმიანობის გამოძიების მოთხოვნით.  
 
2017 წლის 30 მარტს, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ გამოაქვეყნა სამართლებრივი ანალიზი  მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის მიერ გამოტანილი საქმეების წარმოების შესახებ, სადაც მოსამართლის მხრიდან მრავალი კანონდარღვევა და ხარვეზი არის აღნიშნული.   
 
"მჯერა, რომ მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე კორუმპირებულია და ღიმილის მომგვრელია, რომ ჩემს წინააღმდეგ სარჩელი მან შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში, იმ სასამართლოში, რომელმაც სამჯერ უპრეცედენტო პრეს-რელიზები გამოაქვეყნა თავად მოსამართლე კაკაბაძის და მისი კორუმპირებული გადაწყვეტილებების დასაცავად. ვლადიმერ კაკაბაძე და მისი მსგავსი კორუმპირებული მოსამართლეები, რომლებიც მოქალაქეებისა და ბიზნესმენების წინააღმდეგ თაღლითობის ინსტრუმენტები არიან, ციხეში უნდა ისხდნენ.  უკვე ექვსი თვეა უშედეგოდ ველოდები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამოძიების შედეგებს. მანამ სანამ, საქართველოს სასამართლოებში ვლადიმერ კაკაბაძის მსგავსი  მოსამართლეები იქნებიან, იქამდე  საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის  არამიმზიდველი ქვეყანა იქნება", - ამბობს ასლი.
 

კომენტარები