საქართველომ უკრაინას მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნა უკვე მესამედ გაუგზავნა. ამის შესახებ დღეს უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სერგეი პეტუხოვმა განაცხადა.
"უკრაინამ მიიღო მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის ძებნის, დაკავებისა და ექსტრადირების თაობაზე. საქართველოს მთავრმა პროკურატურამ შესაბამისი წერილით უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და მთავარ პროკურატურას მიმართა", - ამბობს პეტუხოვი.
ტაბულა საქმესთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ისინი ოფიციალურ პასუხზე მუშაობენ და მას უახლოეს პერიოდში გაავრცელებენ.
მიხეილ სააკაშვილი 10 სექტემბერს უკრაინაში შესვლას კრაკოვიცას სასაზღვრო პუნქტით, ევროპარლამენტარებთან ერთად აპირებს.
პროკურატურას 2015 წლიდან დღემდე უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის გადმოცემის მოთხოვნა ორჯერ ჰქონდა გაგზავნილი. იმის გამო რომ კანონმდებლობით უკრაინას მისი მოქალაქის სხვა სახელწმიფოსთვის გადაცემის უფლება არ აქვს პროკურატურის ორივე მოთხოვნა უშედეგო დარჩა, თუმცა იმის გამო, რომ სააკაშვილს 26 ივლისს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა იურიდიულად მისი საქართველოსთვის გადმოცემა გახდა შესაძლებელი.
სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საბაბი ოფიციალური კიევის ინფორმაციით იყო ის, რომ სააკაშვილმა ანკეტაში არ მიუთითა რომ საქართველოში მასზე საქმეები იყო აღძრული. სააკაშვილი კი აცხადებს, რომ მას კიევისთვის არანაირი ინფორმაცია არ დაუმალავს და სინამდვილეში ანკეტაზე მისი ხელმოწერა გააყალბეს.
უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის დროს აშშ-ში მყოფებოდა, შემდეგ კი პოლონეთს, ლიტვასა და უნგრეთს ესტუმრა. ახლა ექსპრეზიდენტი დანიაში იმყოფება.





