ესპანეთის მთავრობა: ბარსელონას ტერაქტის უკან მდგარი კლანი მთლიანად განიარაღებულია

ესპანეთის დროშა

ესპანეთის მთავრობის განცხადებით, ჯიჰადისტური ქსელი, რომელიც ბარსელონას თავდასხმის უკან იდგა, მთლიანად განიარაღებულია.

თუმცა კატალონიის მთავრობა აცხადებს, რომ უფრო მეტ ადამიანს დაიჭერენ, გამომდინარე იქიდან, რომ მთავარი ეჭვმიტანილი ჯერ კიდევ იძებნება. 

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტერაქტის გამოძიებას ახალი ეჭვმიტანილი 22 წლის იუნეს აბუიაქუბი ჰყავს. 

ესპანური მედია წერს, რომ აბუიაქუბი ტერაქტის დროს სატვირთო მანქანას მართავდა. პოლიციელების თქმით, თავდამსხმელები უფრო დიდი ტერაქტის მოწყობას აპირებდნენ, თუმცა ოთხშაბათს ალკანარში აფეთქების შემდეგ, მათ ბომბი გაუნადგურდათ და იარაღად ავტომობილი გამოიყენეს. 

აბუიაქუბის სახელის გაჟღერებამდე ერთი დღით ადრე კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტერაქტის განოხრციელებაში მთავარი ეჭვმიტანილი 18 წლის მუსა უბაქირი იყო. ესპანური მედია წერდა, რომ სატვირთო მანქანას. უბაქირს ამ დრომდე ეძებენ.

ტერაქტის საქმეზე ამ დროისთვის 3 ადამიანია დაკავებული. მათ შორის არის მუსა უბაქირის ძმა - 28 წლის დრის უბაქირი. სატვირთო მანქანა სწორედ დრის უბაქირის სახელით და დოკუმენტებით არის ნაქირავები, თუმცა ის აცხადებს, რომ მისმა ძმამ მისი პირადი დოკუმენტები მოიპარა და სატვირთო მანქანა მისი სახელით დაიქირავა.

ბარსელონას ცენტრში სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში შევარდა, შემდეგ კი ორი შეიარაღებული პირი ახლომდებარე რესტორანში შეიჭრა.

ტერაქტის შედეგად დაღუპულია 13 ადამიანი, 80-ზე მეტი კი დაშავებულია. დაშავებულთაგან 15-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

ბარსელონაზე თავდასხმიდან რამდენიმე საათში ესპანეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ზღვისპირა კურორტ კემბრილსზეც ტერაქტი მოხდა. მანქანა ხალხში შეიჭრა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა. მათგან ერთი კი დღეს დილით გარდაიცვალა. დაშავებულთა შორის 1 პოლიციის ოფიცერია. ესპანური მედიის ცნობით, თავდამსხმელების მანქანა ამოყირავდა და როდესაც თავდასხმელები მანქანიდან გადმოსვლას ცდილობდნენ, მათ პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა - ხუთივე ტერორისტი ლიკვიდირებულია. პოლიციის მტკიცებით, კემბრილსზე თავდამსხმელებს ბარსელონაზე თავდასხმასთან კავშირი ჰქონდათ.

ბარსელონაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

კომენტარები