ელექტრომობილი

Volvo 2019 წლიდან მხოლოდ ჰიბრიდებსა და ელექტრომობილებს გაყიდის

flickr.com

2019 წლიდან შვედური ავტომწარმოებელი Volvo მხოლოდ ელექტრომობილებსა და ჰიბრიდულ ავტომობილებს აწარმოებს. 

"ეს გადაწყვეტილება ჩვენი კომპანიისთვის ასრულებს მხოლოდ შიგა წვის ძრავზე მომუშავე ავტომობილების წარმოების ისტორიას",- ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი ჰაკან სამუელსონი.

პროექტის მიხედვით, Volvo 2025 წლამდე 1 მილიონი ელექტრომობილის გაყიდვას გეგმავს. 

სამუელსონის თქმით, კომპანიამ ეს გადაწყვეტილება ბაზარზე ჰიბრიდებსა და ელექტრომობილებზე მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნის გამო მიიღო. შვედეთში ახალ ავტომობილებში ელექტრომობილების წილი მსოფლიოში ყველაზე მაღალია. 2016 წელს ქვეყანაში დარეგისტრირებული ავტომობილების 26% ელექტომობილი იყო, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 

დღეისთვის ჰიბრიდული ავტომობილების უმსხვილესი მწარმოებელი ტოიოტაა. კომპანიამ გასულ წელს 355 ათასი Prius-ი გაყიდა. 

2022-დან ტოიოტა სწრაფად დატევნადი ელექტრომობილების წარმოების დაწყებას გეგმავს. ეს იქნება ავტომობილი რომლის დატევნასაც მაქსიმუმ ნახევარი საათი დაჭირდება და მას ერთი დატენვით 500 კილომეტრის გავლა შეეძლება.

დღეისთვის ბიუჯეტური ელექტრომობილების ბაზარზე Nissan Leaf ლიდერობს. ის $30 ათასი ღირს და ერთი დატენვით 140 კილომეტრს ფარავს. 2010 წლიდან მოყოლებული ბაზარზე 200 ათასი Nissan Leaf-ია გაყიდული.

ძვირადღირებული ელექტრომობილების ბაზარზე კი Tesla დომინირებს. მისი Model s-ის ღირებულება დაახლოებით $70 ათასიდან იწყება. გლობალურად 2012-2017 წლებში 180 ათასი Model s-ია გაყიდული. 

რამდენიმე დღის წინ Tesla-მ ახალი ელექტრომობილი, model 3 წარადგინა. ეს იქნება მასობრივ ბაზარზე გათვლილი პირველი ელექტრომობილი, რომელსაც ავტონომიური მართვის პროგრამა და ერთი დატენვით 350 კილომეტრის გავლა შეეძლება. მისი საწყისი ფასი $35 ათასია.

მასობრივ ბაზარზე გათვლილი, გრძელმანძილიანი (ერთ დატევნაზე 498 კილომეტრი) ელექტრომობილი წარადგინა Chevrolet-მაც. Chevy Bolt-ის ღირებულება $37 ათასიდან იწყება. Tesla-სგან განსხვავებით Bolt-ს გზატკეცილზე ავტონომიურად მართვის ფუნქცია არ აქვს.

გრაფიკი, რომელიც ელექტრომობილების რევოლუციას მოასწავებს:

უახლოესი 10 წლის მანძილზე მსოფლიოში ელექტრომობილების ბუმის დაწყებაა მოსალოდნელი. დღეისთვის ელექტრომობილის შედარება შეიძლება 90-იანი წლების დასაწყისის მობილურთან. 1990-იანების დასაწყისში მობილური თითქმის არავის არ ჰქონდა, თუმცა ათწლეულის მანძილზე მობილურების მასობრივი წარმოების შედეგად მისი ფართო გავრცელება მოხდა. მეტიც, გასულ საუკუნეში შექმნილი ყველა ახალი ტექნოლოგიის ათვისება მსგავსი ტემპით მოხდა. ტექნოლოგიის განვითარების თავდაპირველ წლებში მისი გავრცელება საკმაოდ დაბალია, ტექნოლოგიური პროგრესისა და მასობრივი წარმოების შედეგად კი დაახლოებით 10-15 წლის პერიოდში მისი ძალიან მაღალი ტემპებით გავრცელება ხდება. ასე მოხდა კომპიუტერის, ინტერნეტის, ტელევიზორის, რადიოს, მაცივარისა და სხვა ათობით დასახელების პროდუქტის შემთხვევაში. ტექნოლოგიების ათვისების მსგავს პროცესს S მრუდს უწოდებენ. 

ელექტრომობილების შემთხვევაშიც მსგავსი ტრენდი შეინიშნება. დღეისთვის ახალ ავტომობილებში ელექტრომობილების წილი ყველაზე მაღალი ნორვეგიაშია, სადაც 2016 წელს შეძენილი ავტომობილების 26% ელექტრომობილი იყო, შედარებისთვის 2013 წელს ნორვეგიაში ელექტრომობილების წილი 6%-ს შეადგენდა. გლობალურად კი ელექტრომობილების რაოდენობა საკმაოდ მცირეა, მსოფლიოში დაახლოებით 1 მილიარდი ავტომობილია, საიდანაც ელექტრომობილი დაახლოებით 2 მილიონია.

მთავარი გამოწვევა, რაც ელექტრომობილებმა უნდა გადალახონ ელექტრობატარეის ტევადობის ზრდა და დატენვის დროის შემცირებაა. ანალიტიკოსების შეფასებით, დაახლოებით 2030 წლისთვის საშუალო ელექტრომობილის ღირებულება შესაძლოა საშუალო შიგა წვის ძრავიანი ავტომობილის ღირებულებაზე ნაკლები გახდეს.

კომენტარები