შსს

194 საპატრულო ავტომობილი მთავრობამ სავარაუდოდ "ჩაწყობილი" ტენდერით შეიძინა

შსს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აუდიტორული ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ქვეყანაში საპატრულო ავტომობილების განახლების პროცესი სავარაუდოდ ფინანსური დარღვევებით წარიმართა.

საუბარია 2014 წლის აპრილში 160 საპატრულო ავტომობილის და 2015 წლის აგვისტოში 34 სპეციალიზებული ავტომობილის შესყიდვისთვის გამოცხადებულ ტენდერებზე. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ორივე შემთხვევაში სატენდერო პირობები ისე იყო ჩამოყალიბებული, რომ მასში გამარჯვებული მხოლოდ ფორდის დილერი, კომპანია "ჯი-თი მოტორსი" გამხდარიყო.

160 ავტომობილის ტენდერი:

"სატენდერო დოკუმენტაციით შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პარამეტრების აღწერისას მართვის სისტემასთან დაკავშირებით მოთხოვნილია, რომ ავტომატური გადაცემათა კოლოფის მართვის ბერკეტი განთავსებული ყოფილიყო საჭის სვეტზე. აღნიშნული მოთხოვნა (სხვა პარამეტრებთან ერთობლიობაში) წარმოადგენდა პირდაპირ მინიშნებას ავტომობილის კონკრეტულ მოდელზე (ფორდი). ტენდერში მონაწილეობა მიიღო ერთადერთმა პრეტენდენტმა - შპს "ჯი - თი მოტორსმა", რომელმაც კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა სავარაუდო ღირებულების ტოლი სატენდერო წინადადების ღირებულებით და მასთან 2014 წლის 2 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება37, ღირებულებით 9,238.4 ათასი ლარი", - წერია ანგარიშში.

34 ავტომობილის ტენდერი:

"შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პარამეტრების აღწერისას მართვის სისტემასთან დაკავშირებით სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილია, რომ ავტომატური გადაცემათა კოლოფის მართვის ბერკეტი განთავსებული ყოფილიყო საჭის სვეტზე. აღნიშნული მოთხოვნა ასევე წარმოადგენდა პირდაპირ მინიშნებას ავტომობილის კონკრეტულ მოდელზე (ფორდი). ტენდერში მონაწილეობა მიიღო ერთადერთმა პრეტენდენტმა - შპს „ჯი-თი მოტორსმა“, რომელმაც კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა სავარაუდო ღირებულების ტოლი სატენდერო წინადადების ღირებულებით. მათ შორის: ავტომანქანების ღირებულება - 2,254.5 ათასი ლარი", - წერია ანგარიშში.

აუდიტის ანგარიშმა შსს-ში სავარაუდოდ ჩაწყობილი ტენდერების კიდევ სხვა მაგალითებიც გამოავლინა. მაგალითად, გორგოლაჭებიანი სკამების 45 ათას ლარიან ტენდერში სააგენტომ სატენდერო მოთხოვნებში მომწოდებლებს ძალიან დეტალური მოთხოვნები წაუყენა:

სატენდერო დოკუმენტაციით დაწესებული იყო ისეთი არააუცილებელი მოთხოვნები, როგორიცაა:

  • სკამის სიმაღლე - 101 სანტიმეტრი
  • სკამის სიგანე - 60.5 სანტიმეტრი
  • სკამის სიღრმე - 56 სანტიმეტრი
  • დასაჯდომის სიგანე - 50 სანტიმენტრი
  • დასაჯდომის სიღრმე - 48 სანტიმენტრი
  • საზურგის სიგანე - 48 სანტიმეტრი
  • საზურგის სიმაღლე - 49 სანტიმეტრი
  • ფეხის ვარსკვლავის დიამეტრი - 64 სანტიმეტრი
  • ფეხის ვარსკვლავის სიმაღლე - 20 სანტიმეტრი
  • სახელურის სიმაღლე - 28 სანტიმეტრი
  • სახელურის სიგანე - 32 სანტიმეტრი

იმის გათვალისწინებით, რომ ბაზარზე ათობით განსხვავებული დიზაინის, თუმცა ხარისხითა და ფასით დაახლოებით მსგავსი სკამები იყიდება ეს სატენდერო პირობები მომწოდებლებს შორის კონკურენციას ზღუდავდა. 

ტენდერში მონაწილეობა მიიღო ერთმა პრეტენდენტმა შპს "ნოვი სტილი ჯორჯიამ", რომელმაც კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა სატენდერო წინადადების ღირებულებით 45.7 ათასი ლარი.

კომენტარები