საუკუპაციო ხაზთან დღეს მცოცავი ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. მოქალაქეების კოლონა თბილისიდან უკვე გავიდა. აქცია გორის რაიონის სოფელ ბერშუეთთან გაიმართება.
"ეს იქნება არა კონკრეტულად იმ ბანერის გაპროტესტება, რომელიც ბოლოს გადმოსწიეს, არამედ მთლიანად მცოცავი ოკუპაციის გაპროტესტება. ეს არის მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული ანტისაოკუპაციო აქცია" - ამბობს ჟურნალისტი ლაშა ბერულავა.
მედიის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მიერ დაგეგმილ აქციას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილიც უერთდება. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა გაააქტიუროს.
ევროპული საქართველოს წევრის ირაკლი კიკნაველიძის თქმით, „ოკუპაციის გაპროტესტება ღირსების საქმეა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.
"ჩვენი ხელისუფლების ვალია, რომ დაიცვას ამ ადამიანების თავისუფლება და სიცოცხლე, რასაც სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ,“ - ამბობს კიკნაველიძე.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ნიკა რურუას თქმით, “თითოეულ ადამიანს აქვს დიდი მნიშვნელობა, რომ ჩვენი ქვეყნის თავისუფალი, ევროპული, ტრანსატლანტიკური მომავალი რუსეთმა ვერ წაგვართვას", ხოლო სახელმწიფო ხალხისთვის თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძე აღნიშნავს, რომ „საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მკაფიო, მტკიცე რეაქცია იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება ერთის მხრივ, ოკუპანტის მიერ და მეორეს მხრივ, იმ უმოქმედობის, მორჩილი მდუმარების მიმართ, რაც აქვს საქართველოს ხელისუფლებას".
გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი რამდენიმე დღის წინ გადმოწიეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რამდენიმე მაცხოვებლის სასოფლო-სამეურნეო სავარგული ნაწილობრივ საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა.





