ოკუპირებული ტერიტორიები

პრეზიდენტი: რუსეთის მიერ ოკუპირებული არცერთი მეტრი არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში "კონფერენცია საქართველოს ევროპული გზა"-ზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მცოცავ ოკუპაციაზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ახალი ბარიერის გავლების არცერთი შემთხვევა არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა.

"ჩვენს მეგობრებს მოვუწოდებთ იყოთ უაღრესად პრინციპული, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ინტერესების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას. არცერთი ნაბიჯი, არცერთი მეტრი იმ მიწის, რომელსაც სრულიად უკანონოდ უკეთებს ოკუპაციას რუსეთის ფედერაცია, არცერთი შემთხვევა ახალი ბარიერის გავლებისა არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა, არამარტო ჩვენი მოქალაქეების და ჩვენ მიერ, არამედ თქვენ მიერ, ჩვენო კოლეგებო და მეგობრებო. იმიტომ, რომ ასეთი უსამართლობა არ მთავრდება იქ, სადაც ის იწყება. ყოველთვის ასეთ უსამართლობას, უსამართლოდ გავლებულ საზღვრებს და კედლებს მოყვება ხოლმე თავისი ექო სხვა შემთხვევებში",-თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საქართველო არავის პრივილეგირებული ინტერესის სფერო არ არის.

"ჩვენ მზად ვართ ვიყოთ ძალიან პრინციპული და მოველით თქვენგანაც ძალიან ნათელ და მკაფიო შეფასებას იმ პოლიტიკისა, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია პრივილეგირებული ინტერესის სფეროების პოლიტიკის ფარგლებში. საქართველო არავის პრივილეგირებული ინტერესის სფერო არ არის, საქართველო არის ევროპული ქვეყანა, რომელიც თავის იდენტობას საუკუნეების განმავლობაში ახორციელებდა და მომავალ საუკუნეებშიც განახორციელებს. მაგრამ ბუნებრივია, ამ პროცესის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შემადგენელი საქართველოს დემოკრატიული პროცესია",-აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები