ე.წ ციანიდის საქმე

ირაკლი შოთაძე: ჩვენი ინფორმაციით, ირაკლი მამალაძემ ქვეყანა დროებით დატოვა

ირაკლი შოთაძე
pog.gov.ge

"ჩვენი ინფორმაციით, ირაკლი მამალაძე საქართველოში არ იმყოფება,"- ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ე.წ. ციანიდის საქმის მთავარმა მოწმემ, ირაკლი მამალაძემ, პროკურატურას თავად ამცნო, რომ ქვეყანა დატოვა. 

"ნუ მოახდენთ ფაქტების დამახინჯებას, განცხადებაში ცალსახად დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, დავაფიქსირეთ თუ არა, დავიწყეთ გამოძიება. არანაირი გამოძიება ჟურნალისტების წინააღმდეგ არ მიმდინარეობს. ციანიდის ვიდეოს ამოღებაზე ყველა კითხვას გაეცა პასუხი. ყველა საპროცესო მოქმედება კანონის დაცვითაა ჩატარებული. სპეკულირება, რომ რაღაც დარღვეულია, სიცრუეა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ჩვენთვის არ არის ცნობილი, რომ იგი სხვა ქვეყანაში ითხოვს თავშესაფარს. მან, ჩვენი ინფორმაციით, ქვეყანა გარკვეული პერიოდით დატოვა,"- ამბობს მთავარი პროკურორი. 

გუშინ გადაცემა "პრიორიტეტის" ეთერში ირაკლი მამალაძემ თქვა, რომ მან ქვეყანა დატოვა, რადგან მის მიმართ არსებულ შეურაცხყოფას ვერ გაუძლო. მამალაძე ამბობს, რომ მის მიერ ქვეყნის დატოვება რუსთავი 2-ის სიუჟეტს უკავშირდება.

"წყობიდან გამომიყვანეს, დავტოვე ქვეყანა, ვარ სრულიად დემორალიზებული იქიდან გამომდინარე, რომ ვარ შეურაცხყოფილი უკიდურესად. ამ ყველაფრის გამო მოიგონეს ათასი სიბინძურე. როგორ შეიძლება, ერთი მხრივ, ვამხელდე და ვმუშაობდე ლგბტ პირებზე და, მეორე მხრივ, საპატრიარქოზეც ვმუშაობდი მე, როგორც აგენტი, და ჟურნალისტებზეც. გამაგებინეთ, 34 წლის მანძილზე ვინ მიმხელია? ვის წინააღმდეგ მიმიცია ჩვენება? რა გამიკეთებია ისეთი, რომ ასეთი თავდასხმის ობიექტი ვხდები მე დღეს?,"- ამბობს პროკურატურის მთავარი მოწმე. 

მისი თქმით, რუსთავი 2-ის სიუჟეტით მასზე გავლენის მოხდენა სურდათ, რადგან სიუჟეტის გასვლიდან მომდევნო დღეს, 25 ივნისს, ის ჩვენების მიცემას აპირებდა. 

სიუჟეტში, რომლის გამოც მამალაძემ ქვეყანა დატოვა, საუბარია იმაზე, რომ ირაკლი მამალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აგენტია, რომელიც ჟურნალისტებზე, სასულიერო პირებსა და ლგბტ თემის წევრებზე პირადი სახის ინფორმაციას აგროვებდა. რუსთავი 2-ის წყაროს ყოფილი მაღალჩინოსანი წარმოადგენდა.  

კომენტარები