გორის რაიონულმა სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულს 17-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გორის მაჟორიტარობის ყოფილ კანდიდატს ცეცხლი 2016 წლის 2 ოქტომბერს, ამომრჩევლებთან შეხვედრისას გაუხსნეს. მომხდარის შედეგად ოქრუაშვილის დაცვის ერთი წევრი და აქტივისტი დაშავდნენ.
პროკურატურის ცნობით, პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თავდასხმის დღეს, ბრალდებული მივიდა ქ. გორში, კეცხოველის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი კ. კ.-სთან და ბ. თ.-სთან ერთად ხვდებოდა.
"ა.ი-მ ირაკლი ოქრუაშვილისა და იქ მყოფი საზოგადოების ზოგიერთი წევრის მიმართ გამოხატა უპატივცემულობა, რასაც ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა. ამ დროს, ა.ი-მ ირაკლი ოქრუაშვილის, კ.კ.-ს და ბ. თ.-ს მოკვლა განიზრახა. მან “მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა კ. კ.-ს და ბ. თ.-ს, ხოლო შემდეგ ორჯერ - ირაკლი ოქრუაშვილს.
ა.ი.-მ თავისი ქმედებით ასევე განზრახ შეუქმნა ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის საფრთხე აღნიშნული პირების გვერდით მყოფ მოქალაქეებს. მან ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად კ.კ.-მ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო ბ.თ.-მ - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება" - აცხადებს პროკურატურა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2016 წლის 4 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) წარედგინა.