საკონსტიტუციო ცვლილებები

ბაქრაძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე: შექმნილია ჩიხი, გვაქვს სრული ანტიკონსენსუსი

ევროპული საქართველო

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, საკონსტიტიუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პლებისციტი ჩაატაროს. ბაქრაძემ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით, კონსენსუსი მმართველი გუნდის შიგნითაც კი არ არსებობს.

"შედეგად, მივიღეთ უმრავლესობის შეთანხმება, რომ ცვლილებების ერთერთი ძირითადი ელემენტი - საარჩევნო პროპორციულ სისტემაზე გადასვლა - გადატანილი იქნება 2024 წლისთვის. 

დღეის მდგომარეობით, საკონსტიტუციო პროცესთან დაკავშირებით შექმნილია ჩიხი - როდესაც არ არსებობს არანაირი კონსენსუსის და შეთანხმების პერსპექტივა. ჩვენ ვნახეთ ვენეციის კომისიის დასკვნა, სადაც ვენეციის კომისია რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის მიღების პროცესში ერთერთი მთავარი მოთხოვნა გახლავთ კონსენსუსი, პოლიტიკური მოთამაშეების და საზოგადოების თანხმობა - როგორი კონსტიტუცია გვექნება და როგორი იქნება პოლიტიკური თამაში ამ ქვეყანაში

დღეს ჩვენ გვაქვს ამის სრულიად საპირისპირო სურათი, სრული ანტიკონსენსუსი, ერთ მხარეს დგას ქართული ოცნება, ხოლო მეორე მხარეს ყველა სხვა ოპოზიციური პარტია, არასამთავრობო სექტორი, პრეზიდენტი, ომბუდსმენი, უფრო მეტიც, გუშინდელმა კონსულტაციებმა დაადასტურა, რომ თვით ქართულ ოცნებაშიც კი არსებობს კონსენსუსი წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით და შიდა კომპრომისი მოძებნეს მხოლოდ ამ ცვლილებების დროში გაწელვის ხარჯზე" - განაცხადა დავით ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებები ვერანაირად ვერ გახდება ქვეყანაში მომავალი პოლიტიკური სტაბილურობის საფუძველი.

"კონსტიტუცია მხოლოდ იურიდიული დოკუმენტი არ არის, მან უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში სტაბილური განვითარება. სტაბილურობას კი, ვერ უზრუნველყოფს დოკუმენტი, რომელიც მიღებული იქნება მხოლოდ ერთი პარტიის ხმებით, ყველა სხვა პარტიის, ყველა სხვა ინსტიტუტის, ყველა სხვა მოთამაშის საზოგადოებრივი აზრის საპირისპიროდ.

ასეთ ვითარებას ვეძახით პოლიტიკურ ჩიხს. და სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ შექმნილ სიტუაციაში, ერთადერთი გამოსავალია ევროპული საქართველოს იდეის გაზიარება - ვკითხოთ პოზიცია ხალხს და ყველა დავემორჩილოთ მას" - თქვა ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ ევროპულმა საქართველომ შეზღუდულ დროში 150 000-მდე ხელმოწერა მოაგროვა.

"ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობას, ხალხს სურს, მას ვკითხოთ აზრი და ამ ქვეყნის კონსტიტუცია იყოს ისეთი, ამ ქვეყნის პოლიტიკური სისტემა იყოს ისეთი, როგორც ამას გადაწყვეტს ხალხი.

გადაწყვეტს ხალხი, რომ იყოს მაჟორიტარული სისტემა? მე მომხრე ვარ პროპორციული სისტემის, მაგრამ დავემორჩილები იმას, რასაც ხალხი გადაწყვეტს.

გადაწყვეტს ხალხი, რომ პრეზიდენტი აირჩიოს გნებავთ ხმოსნებმა, გებავთ მგოსნებმა და გნებავთ მგალობლებმა? მხარს დავუჭერ, იმის მიუხედავად, რომ წინააღმდეგი ვარ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი - პოლიტიკოსები უნდა დავეკითხოთ ხალხს, როგორი უნდა იყოს საქართველოს მომავალი" - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა.

საქართველოს პარლამენტისა და საკონსტუტიციო კომისიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით, შემდეგ კი - პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ბონუსის დანამატით.

კომენტარები