პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია "ბირჟა მაფიის" წევრების საქმეს შეისწავლის.
"ბუნებრივია, ჩვენი უახლოესი წარსულიდან გამომდინარე, ძალიან გულისყურით უნდა მოვეკიდოთ ყველა ბრალდებას, რომელიც ეხება ადამიანის უფლებების შეზღუდვას, განსაკუთრებით ძალადობასა და ზეწოლას. შესაბამისად, ჩვენ დიდი ინტერესით და გულდასმით მოვეკიდებით ამ საქმის განვითარებას და შევისწავლით ფაქტებს", - თქვა ანა დოლიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა რეპერები დიდი ოდენობით MDMA-ს შეძენა-შენახვისთვის დააკავეს.
უწყებაში ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა მიშკა მგალობლიშვილის პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA, ხოლო გიორგი ქებურიას პირადი ჩხრეკისას 2,3342 გრამი MDMA ამოიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ქებურია ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
მგალობლიშვილის ახლობლის ინფორმაციით, დაკავება პაროდიულ-სატირული ჰიპ-ჰოპ პროექტის "ბირჟა მაფიას" ბოლო კლიპს უკავშირდება, სადაც პოლიციელი ყელსაბამზეა გამობმული.





