ტერორისტული აქტი

POG: მილსადენის აფეთქების მცდელობისთვის ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

Getty Images

თბილისის საქალაქო სასამართლომ მილსადენის აფეთქების მცდელობისთვის ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო - ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლომ ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადების ფაქტზე ბრალდებულები  ბ.ბ;  მ.ვ;  ჯ.მ.  და  ვ.რ. დამნაშავედ ცნო;  მათივე ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის გადაზიდვის მცდელობაში დახმარებისთვის დამნაშავედ ცნეს ნ.ჭ., ხოლო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის საქართველოს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი - ლ.მ. უწყების ინფორმაციით,ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დამნაშავედ ცნეს ი.ბ. 

"სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ 2016 წლის ივლისში ბ.ბ., ვ.რ., მ.მ. და ჯ.მ. დაუკავშირდნენ ერთმანეთს და  განიზრახეს  ტერორისტული აქტის ჩადენა, კერძოდ: სოფელ საგურამოს მიმდებარედ, მდინარე არაგვზე გამავალი გაზის სატრანზიტო მილსადენის აფეთქება, რაც წარმოშობდა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის და მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოს მიმდებარედ, დეტალურად შეისწავლეს მდინარე არაგვზე გამავალი გაზის სატრანზიტო მილსადენის გეოგრაფიული მდებარეობა და Google Earth-ის რუქაზე მონიშნეს მილსადენის საყრდენი წერტილები", - წერია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დანაშაულის მომზადების შესახებ ინფორმირებული იყო, თუმცა, მის აღსაკვეთად სათანადო რეაგირება არ მოახდნა.

"2016 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში, ბ.ბ. და ჯ.მ. დაუკავშირდნენ მათ ნაცნობს ნ.ჭ.-ს, რომელსაც დუშეთის რაიონის სოფ. ჩარგლიდან ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობების ტერორისტული აქტის  განხორციელების მიზნით ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით სთხოვეს დახმარება, რაზეც ეს უკანასკნელი დათანხმდა. 2016 წლის 20 აგვისტოს, ბ.ბ. და ჯ.მ. ნ.ჭ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გაემართნენ დუშეთის რაიონის სოფელ ჩარგალში, სადაც ტყის მასივში არსებული სამალავიდან ამოიღეს ფეთქებადი ნივთიერებები, ასაფეთქებელი მოწყობილობები და საბრძოლო მასალა, რა დროსაც ისინი სამართალდამცავებმა დააკავეს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო საპატრულო პოლიციის თანამშრომელი - ლ.მ.,  რომელმაც  დანაშაულის  აღსაკვეთად  რეაგირება არ მოახდინა.  სასამართლოში ასევე დადასტურდა, რომ აღნიშნული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადების შესახებ ინფორმაციას ფლობდა ი. ბ. და არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს", - ამბობენ პროკურატურაში. 

უწყების ცნობით, 19 მაისის განაჩენით ბ. ბ. დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 18,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 3231 მუხლის პირველი ნაწილით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით;

ჯ. მ. დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 18,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 19,3231მუხლის პირველი ნაწილით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით;

მ. ვ. გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3231 მუხლის პირველი ნაწილით, დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 18,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით;

ვ. რ. გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3231 მუხლის პირველი ნაწილით, დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 25,18,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით;

ნ.ჭ.-თვის სისხლის სამართლის კოდექსის 25,3231 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 25,19,236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით;

ლ.მ. დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით;

ი. ბ. დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.

კომენტარები