თავისუფლების აქტი

პრეზიდენტი კონსტიტუციიდან "ეკონომიკური თავისუფლების აქტის" ამოღებას მხარს უჭერს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

გიორგი მარგველაშვილი მხარს უჭერს კონსტიტუციიდან "თავისუფლების აქტის" ამოღებას. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ გააკეთა. დოლიძე შეხვდა იმ ჯგუფის წარმომადგენლებს, რომლებიც კონსტიტუციიდან ამ ჩანაწერის ამოშლას მხარს უჭერენ. თავისუფლების აქტის, ანუ კონსტიტუციის 94-ე მუხლის გამო მთავრობას რეფერენდუმის ჩატარების გარეშე არ შეუძლია ახალი გადასახადები დააწესოს ან არსებული გადასახადების დონე აწიოს.

"პრეზიდენტი იზიარებს ამ კამპანიის სულისკვეთებას, რადგან მიაჩნია, რომ მთავრობის და სახელისუფლო გუნდის, მისი წევრების გადასაწყვეტია გადასახადების აწევა, დაწევა, საგადასახადო პოლიტიკის გამკაცრება. აქედან გამომდინარე, ხდება ამა თუ იმ გუნდის არჩევა და ჩამოყალიბება. შესაბამისად, გადასახადები შეიძლება ხშირად იცვლებოდეს ქვეყნის გამოწვევებიდან გამომდინარე. არ არის მიზანშეწონილი, რომ ეს მუხლი იყოს საქართველოს კონსტიტუციის ნაწილი", - ამბობს დოლიძე.

2010 წელს საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლში გაჩნდა ჩანაწერი, რომ ახალი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღებისთვის ან უკვე არსებული გადასახადების განაკვეთის გაზრდისთვის (გარდა აქციზისა) რეფერენდუმის ჩატარებაა აუცილებელი. ამ პროცესის უფრო დეტალური გაწერისთვის შეიქმნა ორგანული კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ. ეს საკანონმდებლო ნორმა არის გარანტი, რომ ქვეყანაში მოსახლეობის თანხმობის გარეშე მთავრობა გადასახადებს არ გაზრდის. აღნიშნული ჩანაწერი ძალაში 2013 წელს, გიორგი მარგველაშვილის მიერ ფიცის დადებისთანავე შევიდა. ამ მომენტიდან კონსტიტუციამ მოსახლეობას მიენიჭა ახალი უფლება, რომლითაც მათ შეუძლიათ განსაზღვრონ დაუჭირონ თუ არა მხარი გადასახადების ზრდას.

ორგანული კანონი მთავრობას ასევე ავალდებულებს, რომ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ვალის ტვირთმა არ გადააჭარბოს 60%-ს; ასევე მთავრობის ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტში არ უნდა აღემატებოდეს 30%-ს, ბიუჯეტის დეფიციტი კი 3%-ზე მეტი არ უნდა იყოს.

მთავრობის ეკონომიკური გუნდი ამ ჩანაწერის გაუქმებას მხარს არ უჭერს. ქართული ოცნების მიერ მომზადებულ კონსტიტუციის პროექტში გარკვეულწილად იცვლება დღეს მოქმედი ჩანაწერის სტრუქტურა და ის 94-ეს ნაცვლად 67-ე მუხლში გადადის, თუმცა ამ მუხლის შინაარსი უცვლელია.

თავისუფლების აქტის გაუქმების აქტიური მხარდამჭერი ქართული ოცნების შემადგენლობაში არსებული სოციალისტური შეხედულების დეპუტატები არიან. გია ჟორჟოლიანმა თებერვალში ამ მუხლის გაუქმებისთვის რამდენიმე განცხადება გააკეთა, რასაც ქართული ოცნების წევრებისგან საპასუხო განცხადებები მოჰყვა, რომ ეს პარტიის საერთო პოზიციას არ წარმოადგენდა.

იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული მუხლი გაუქმდება იქმნება იმის საფრხე, რომ ქვეყანაში გაიზარდოს საბიუჯეტო დეფიციტის მაჩვენებელი, ბიზნესისა და მოსახლეობისთვის გაიზარდოს გადასახადების დონე, რასაც თავისმხრივ ეკონომიკური ზრდის შენელება მოჰყვეს. 

კომენტარები