17 მაისი

ომბუდსმენი: სახელმწიფო ლგბტ უფლებების გასაუმჯობესებლად ფორმალურ ნაბიჯებს დგამს

უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველის აპარატი ჰომოფობასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი ამბობს, რომ ლგბტი პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები მინიმალურია და ფორმალურ ხასიათს ატარებს.

"სოლიდარობის გაცხადებისა და ძალადობის დაგმობისაკენ მიმართული დღის აღნიშვნას, სამწუხაროდ, ყველაზე ხშირად სდევს ძალადობრივი და სიძულვილით მოტივირებული ქმედებები ლგბტი ადამიანებისა და მათი მხარდაჭერების მიმართ.

საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობები, სიძულვილის ენის გამოყენება, გენდერულ იდენტობასა და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული უთანასწორო მოპყრობისა და უფლებადარღვევის ფაქტები. ლგბტი ადამიანები თავს დაცულად ვერ გრძნობენ ისეთი მნიშვნელოვანი უფლებებით სარგებლობისას, როგორიცაა განათლება, დასაქმება, ჯანმრთელობის დაცვა და სხვა", - ამბობს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენის განცხადებაში წერია, რომ ის მუდმივად მიუთითებდა 2013 წლის 17 მაისს მომხდარი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების დროული, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული გამოძიების წარმართვასა და ლგბტი ადამიანების წინაშე მდგარი სხვა გამოწვევების გადაჭრის აუცილებლობაზე, თუმცა, სამწუხაროდ მთელი რიგი რეკომენდაციები კვლავ შეუსრულებელია.

"იმედს ვიტოვებთ და მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, რომ წარსული გამოცდილებისა და მიყენებული ზიანის პირობებში, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა მოხდება ძალადობის მოსალოდნელი საფრთხეების სწორი შეფასებისა და უსაფრთხოების წესების მაღალი დაცვით. ამასთან, მნიშვნელოვანია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ დღის აღნიშვნის არსისა და მნიშვნელობის შესახებ, საზოგადოებაში ლგბტი თემის მიმართ არსებული ჰომოფობიური წინასწარგანწყობების შესამცირებლად", - ნათქვამია განცხადებაში.

ომბუდსმენისვე ცნობით, სახალხო დამცველის რწმუნებულები 17 მაისს, მთელი დღის განმავლობაში დააკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება 24 საათის განმავლობაში დაუკავშირდეს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზს ნომერზე 14–81.

კომენტარები