დონალდ ტრამპის საკადრო პოლიტიკა

ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა

Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორი ჯეიმს კომი თანამდებობიდან გაათავისუფლა. 

როგორც თეთრ სახლის განცხადებაშია აღნიშნული, ისინი დაუყოვნებლივ დაიწყებენ FBI-ის დირექტორობის კანდიდატურის შერჩევას.

ჯეიმს კომის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შედის ძალაში. გათავისუფლების მიზეზად კი ის არის დასახელებული, რომ კომიმ ვერ შეძლო გამოძიების ფედერალური ბიუროს ეფექტურად მართვა.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ დონალდ ტრამპმა კომის გათავისუფლების შესახებ რეკომენდაცია აშშ-ის გენერალური პროკურორისა და მისი პირველი მოადგილისგან მიიღო.

"მე მივიღე გენერალური პროკურორისა და მისი მოადგილის რეკომენდაციები და აქედან გამომდინარე, თქვენ გათავისუფლებთ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოვალეობის შესრულებისგან. ძალიან ვაფასებ იმის, რომ თქვენ მე სამჯერ შემატყობინეთ, რომ ჩემს წინააღმდეგ გამოძიება არ მიმდინარეობს, თუმცა მე ვეთანხმები იუსტიციის სამინისტროს, რომ თქვენ არ შეგიძლიათ ეფექტურად უხელმძღვანელოთ გამოძიების ფედერალურ ბიუროს. აუცილებელია ახალი ხელმძღვანელის მოძებნა, რომელიც აღადგენს საზოგადოების ნდობას FBI-ისადმი, რაც სასიცოცხლოს მნიშვნელოვანია სამართალდამცველი ორგანოსთვის", - აღნიშნულია ტრამპის განცხადებაში. 

ჯეიმს კომი აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორად, 2013 წელს, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს, 10 წლის ვადით დაინიშნა. კომი აშშ-ის ისტორიაში FBI-ის მეორე დირექტორია, რომელიც თანამდებობიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

Politico-სა და New York Times-ის ცნობით, ჯეიმს კომიმ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ცნობა ტელევიზიის საშუალებით გაიგო. იმ დროს, როდესაც ის ლოს-ანჯელესში FBI-ის აგენტებს სიტყვით მიმართავდა. გამოცემების ცნობით, კომის ამ ცნობაზე გაიცინა კიდეც, რადგან თავდაპირველად ხუმრობა ეგონა.

აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში დონალდ ტრამპმა ჯეიმს კომი ჰილარი კლინტონის იმეილების საქმის გამოძიების პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის არაერთხელ შეაქო. აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრები კი კომის გათავისუფლებას, FBI-ის მიერ დონალდ ტრამპისა და რუსეთის სავარაუდო კავშირების შესახებ გამოძიებას უკავშირებენ.

კომენტარები