საქართველოს პრეზიდენტი

აბაშიშვილი: კობახიძეს ხალხთან კონსტიტუციაზე მსჯელობა დესტრუქციული ქმედება ჰგონია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის ბრალდებებს პასუხობს და ამბობს, რომ მსგავს საკითხზე ადმინისტრაციის მხრიდან კომენტარი აღარ იქნება.

"უკვე მერამდენედ, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ისმის საკმაოდ მძიმე ბრალდებები საქართველოს პრეზიდენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ.

ძალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს მოსახლეობასთან კონსტიტუციურ საკითხებზე მსჯელობა დესტრუქციული ქმედება ჰგონია.

ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან და პოლიტიკური კულტურის პრინციპებიდან გამომდინარე, მსგავსი ტიპის საკითხებზე ადმინისტრაციის მხრიდან კომენტარი აღარ იქნება", -თქვა გიორგი აბაშიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ჰქონდა შეხვედრა პარტიებთან, ექსპერტებთან და ისინი შეთანხმდნენ ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე. მისი თქმით, ეს სამოქმედო გეგმა შეიცავს დესტრუქციულ ელემენტებსაც. "ჩვენ ყველა რამდენიმე დღეში ვნახავთ, როგორი შეიძლება იყოს ეს დესტრუქციული ელემენტები, რაზეც, სამწუხაროდ, შეთანხმდნენ საქართველოს პრეზიდენტი და კონკრეტული პოლიტიკური პარტიები", - ამბობს კობახიძე.

კომენტარები